ENGLISH |
ამა წლის 2 აგვისტოს, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი“ ფარგლებში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - საქპატენტს, საავტორო უფლებათა ასოციაციასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
დოკუმენტებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, ასევე საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის დირექტორმა გიგა კობალაძემ მოაწერეს ხელი.
როგორც მხარეებმა განაცხადეს, აღნიშნული მემორანდუმები ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ პოპულარიზაციის მიზნით გაფორმდა, რაც ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ნებისმიერი დაინტერესებული პირის კონკურსში მონაწილეობის ხელშეწყობას, მათ ჩართულობასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას, ასევე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას და ზოგადად ხელოვნების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.