23 მარტს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ,,საქპატენტი“, „საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების თაობაზე, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.
მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ საქართველოსა და მოლდოვას საპატენტო უწყებების ხელმძღვანელები და ორი ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯერეს შეთანხმების ტექსტის ძირითადი ნაწილი, ამასთან, გაცვალეს უახლესი ინფორმაცია მხარეთა ქვეყნებში გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ და დასახეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
„საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს მხარეების მიერ ნაცვალგების წესით გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების ურთიერთაღიარებას, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მათი უფლებების დაცვისა და გამოყენების საკითხების დარეგულირებასა და უზრუნველყოფას.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2017 წლის 14 ნოემბერს მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა.