ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინების კანონის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე სესია
12 აპრილი 2019 წ.
2019 წლის 8 აპრილიდან 11 აპრილის ჩათვლით, შვეიცარიის კონფედერაციის ქ. ჟენევაში გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინების კანონის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი კასრაძემ.
სესიაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, საქართველოსა და ისმო-ს 11 წევრი ქვეყნის მიერ წარდგენილი ორი წინადადება:
ქვეყნის სახელებისა და ეროვნული მნიშვნელობის გეოგრაფიული სახელების დაცვის შესახებ (დოკუმენტი - SCT/39/8 Rev.3) და დომენური სახელების სისტემაში (DNS) ქვეყნის სახელებისა და ეროვნული მნიშვნელობის გეოგრაფიული სახელების დაცვის შესახებ (დოკუმენტი - SCT41/6).
ამასთან, გაიმართა შეხვედრა გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო ალიანსის, OriGIn-ის ხელმძღვანელობასთან, სადაც განხილულ იქნა OriGIn-ის 2019 წლის გენერალური ასამბლეის თბილისში ჩატარების დეტალები. საქპატენტის წარმომადგენელმა ასევე, მიიღო მონაწილეობა OriGIn-ის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომლის მიზანიც იყო ისმო-ს წევრ ქვეყნებს შორის ცნობიერების ამაღლება, უცხო ქვეყნების იურისდიქციებსა და ინტერნეტში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის გამარტივების მიმართულებით.
სესიის ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრა უკრაინის დელეგაციასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „საქართველოსა და უკრაინას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ხელმოსაწერად მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი.