ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ხელს უწყობს თანამედროვე მსოფლიოს ფორმირებასა და ხელოვნებისა და ტექნოლოგიების განვითარებას. ის ვრცელდება როგორც შემოქმედებით, ისე საგამომგონებლო საქმიანობებზე და დაცულია კანონმდებლობით. ყველაფერი, რასაც ადამიანი საკუთარი გონით ქმნის, წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და მისი დაცვა არა არჩევანი, არამედ მოვალეობაა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მისი მნიშვნელობის გააზრება.
2020 წელს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინოვაციებს მწვანე მომავლისთვის. ეკოლოგიის მხრივ თანამედროვე სამყარო დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ვითარება არ შეიცვლება მანამ, სანამ ადამიანები ერთობლივად არ დაიწყებენ ზრუნვას მწვანე მომავლის შესაქმნელად.
ინტელექტუალური საკუთრება ინოვაციების განვითარებაში კატალიზატორის როლს ასრულებს, რადგან ის იცავს შემოქმედებითი აზროვნების ნაყოფს და ხელს უწყობს გამოგმონებლებს საკუთარი ინოვაციების განვითარებაში.
გამომგონებლებისა და შემოქმედი ადამიანების მოღვაწეობა მწვანე მომავალზე გადებული ხიდია, რომელიც დედამიწას უფრო დაცულ, სუფთა და ენერგოეფექტურ ადგილად აქცევს. მათი ინოვაციები ხელს შეუწყობს დედამიწაზე შეუქცევადი კატაკლიზმების თავიდან აცილებას, სოფლის მეურნეობაში მოსავლის დაცვასა და მძიმე მრეწველობაში გამონაბოლქვის შემცირებას, რაც ხშირად მძიმე დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება.
ამის გამო, ინოვაციები მწვანე მომავლისთვის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მათი საქმიანობის პოპულარიზება და ჯეროვნად აღიარებაა. ინტელექტუალური საკუთრება ინოვატორებს აძლევს საშუალებას დაიცვან მათი შემოქმედების ნაყოფი და განაგრძონ მის გაუმჯობესებაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებაზე მუშაობა და სარგებელი მოუტანონ საზოგადოებას.
დღეს უკვე ცვლილებებისა და ინოვაციური მიდგომების დროა. მომავალი მწვანე ეკონომიკისა და ეკოლოგიურად უვნებელი ინოვაციებისაა, რომლის დაცვის გარანტორი ინტელექტუალური საკუთრებაა.
#WorldIPday