ქ.ბათუმი, 1 აგვისტო, 2016 წ. - დღეს ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ DCFTA-ს კონტექსტში“, რომლის ფარგლებშიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში არსებული ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება მოხდება.
აღნიშნული კონფერენცია კარგ პლატფორმას წარმოადგენს კერძო სექტორის ცნობიერების ასამაღლებლად ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების, ასევე, DCFTA-ს შეთანხმების ფარგლებში მომზადებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა აქტიურობის გაზრდას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ კი, მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და აღსრულების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიმართულებით.
ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე მიესალმა ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქპატენტს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება, რომლის თანახმად მხარეები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. საქპატენტი ასევე, მონაწილეობას მიიღებს DCFTA-ს პოპულარიზაციის მიზნით პალატის მიერ ქართველი მეწარმეებისთვის დაგეგმილ შეხვედრებში.
კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილებას კონფერენციის მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში გაუზიარებენ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, ევროპოლის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზაცია „ბიზნეს აქტივობები კონტრაფაქციის და მეკობრეობის წინააღმდეგ“ (BASCAP), ასევე აშშ-ს, რუმინეთის, იტალიის, ჩინეთის და სხვ. წარმომადგენლები.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ და „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) პროგრამის ეგიდით მიმდინარე პროექტი ,,მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოში“, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით.
კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICC Georgia) და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომლებმაც ღონისძიებაში წევრი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობა უზრუნველყვეს.