სიახლეები

საქპატენტი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მუდმივმოქმედი კომიტეტის (SCCR) 47-ე სესიაში მონაწილეობს

02 დეკემბერი 2025 წ.


შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) საავტორო და მომიჯნავე უფლებების მუდმივმოქმედი კომიტეტის (Standing Committee on Copyright and Related Rights – SCCR) რიგით 47-ე სესია მიმდინარეობს.

კომიტეტზე საქართველო წარადგინა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ანუკი ობოლაძემ. მან აღნიშნა, რომ საქპატენტის მონაწილეობა SCCR-ის მუშაობაში მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის საერთაშორისო სისტემაში ინტეგრაციის, ისე ეროვნული კანონმდებლობის შემდგომი განვითარებისა და ჰარმონიზაციის თვალსაზრისით. კომიტეტის სესიებზე განხილული საკითხები და მიღებული რეკომენდაციები კი წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში როგორც გლობალური, ისე ეროვნული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.

მიმდინარე სესიის დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ თემებს: სამაუწყებლო ორგანიზაციების დაცვა, აგრეთვე, შეზღუდვები და გამონაკლისები ბიბლიოთეკებისა და არქივებისათვის, განათლებისა და სამეცნიერო კვლევის დაწესებულებებისა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში საქართველო შეემატა მარაკეშის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების სიას, რომელიც 98 ქვეყანას აერთიანებს და ითვალისწინებს კონკრეტულ საშუალებებს, ადგენს გამონაკლისებს საავტორო და მომიჯნავე უფლებებიდან ექსკლუზიურად კითხვის უნარის დარღვევის მქონე ადამიანებისათვის, ხელს უწყობს მათთვის ადაპტირებული მასალების შექმნასა და საერთაშორისო გავრცელებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გაღების გარეშე. ასევე, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე განიხილა საქპატენტის ავტორობით მომზადებული საქართველოს კანონის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანია ინტერნეტსივრცეში საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.

სესიაში მონაწილეობა საქართველოს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ გაეცნოს მიმდინარე დისკუსიებს, არამედ უშუალოდ იყოს ჩართული საავტორო და მომიჯნავე უფლებების საერთაშორისო დღის წესრიგის ფორმირებაში. WIPO-ს ფორმატში დაგეგმილი დებატები და შეთანხმებები სამომავლოდ დადებითად აისახება როგორც საქართველოს კანონმდებლობის შემდგომ დახვეწაზე, ისე ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ყველა დაინტერესებული მხარის – ავტორების, მომიჯნავე უფლებების სუბიექტებისა და მომხმარებლების პრაქტიკაზე.

WIPO რეგულარულად ატარებს SCCR-ის სესიებს, რომელთა მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში არსებული გამოწვევებისა და სიახლეების განხილვა, საერთაშორისო სტანდარტების განვითარება და პოლიტიკის შემდგომი ჰარმონიზაცია. საავტორო და მომიჯნავე უფლებების მუდმივმოქმედი კომიტეტი შეიქმნა 1998 წელს WIPO-ს წევრი სახელმწიფოების ასამბლეების გადაწყვეტილებით, ექსპერტთა არსებული კომიტეტების ფუნქციების გადასაცემად და ინსტიტუციურად გასაძლიერებლად. კომიტეტის მანდატი გულისხმობს აღნიშნულ სფეროში ახალი საკითხების განხილვას, რათა WIPO-ს საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის საერთაშორისო სისტემის განვითარების მიმართულებით იყოს უკეთ ჰარმონიზებული, საფუძვლიანად მომზადებული და უფრო მეტად გამჭვირვალე.

SCCR-ის რიგით 47-ე სესია 1 დეკემბერს დაიწყო და 5 დეკემბერს დასრულდება.


X