სიახლეები

ევროპის გამომგონებელთა დაჯილდოება 2026

25 ივლისი 2025 წ.


საგამომგონებლო და ინოვაციური უნარების წახალისების მიზნით, ევროპის საპატენტო უწყებამ (EPO) 2006 წელს დააწესა ევროპის გამომგონებელთა პრემია, რომელსაც ყოველწლიური ხასიათი მიეცა. დაჯილდოების მიზანია იმ გამომგონებლების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვეობის მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ, კრეატიული იდეებისაგან ქმნიან ინოვაციურ პროდუქტებს.

 

ევროპის გამომგონებელთა დაჯილდოება გაიმართება 2026 წელს, ბერლინში. მასში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ გამომგონებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ფლობენ ევროპულ პატენტს და ეწევიან მის კომერციალიზაციას ევროპაში. ცერემონიაზე დასახელდებიან ფინალისტები და გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში, როგორებიცაა: მრეწველობა, კვლევა, EPO-ს არაწევრი ქვეყანა, მცირე და საშუალო მეწარმეობა, ცხოვრებისეული მიღწევა და საზოგადოების რჩეული.

 

ევროპის გამომგონებელთა ჯილდოს მფლობელები მიიღებენ გერმანელი დიზაინერის მირიამ ირლემის მიერ შექმნილ იალქნის ფორმის შთამბეჭდავ თასებს - მარადიული ძიების სიმბოლოს, იმის აღსანიშნავად, თუ როგორ შეუძლია საგამომგონებლო იდეებს კაცობრიობის ამოუცნობ ნაპირებზე გადაყვანა.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს EPO-მ კონკურსზე, ასევე, დააწესა ახალგაზრდა გამომგონებლების დაჯილდოების ნომინაციაც, რომელიც შემდგომ დამოუკიდებელ კონკურსად ჩამოყალიბდა. ამ ღონისძიების ფორმატში 30 წლამდე ინოვატორებს ან ახალგაზრდა ინოვატორთა ჯგუფს ეძლევა შესაძლებლობა მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგიური ინოვაცია გააცნონ ფართო აუდიტორიას.  მომდევნო კონკურსის ჩატარება 2027 წელს იგეგმება.

 

ევროპის გამომგონებელთა დაჯილდოების კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 სექტემბერი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.epo.org/en/news-events/european-inventor-award/nominations.

X