სიახლეები
2025 წელს ინოვაციების გლობალური ინდექსის (GII) რეიტინგში საქართველო კვლავ დაწინაურდა
17 სექტემბერი 2025 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გამოაქვეყნა ინოვაციების
გლობალური ინდექსის 2025 წლის რეიტინგი, სადაც საქართველო კვლავ დაწინაურდა – შარშანდელი
მაჩვენებელი ერთი პოზიციით გააუმჯობესა და 56-ე ადგილი დაიკავა. ინოვაციების გლობალური
ინდექსი (GII) მსოფლიო ეკონომიკის ინოვაციური შესაძლებლობებისა და შედეგების რეიტინგია,
რომელიც მსოფლიო ეკონომიკებს მათი ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით აფასებს. მნიშვნელოვანია,
რომ ინოვაციების გლობალური ინდექსი აქამდე მოიცავდა 133 ქვეყნის ეკონომიკას, თუმცა
წელს ეს რიცხვი 139-მდე გაიზარდა.
ინოვაციების გლობალური ინდექსი ეფუძნება ინოვაციურობის ყოვლისმომცველ ანალიზს
2 ქვეინდექსის მიხედვით: პირველი – ინოვაციური დანახარჯები (Innovation Input
Sub-Index), რომელიც ქვეყანაში ინოვაციების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების
მოცულობას გულისხმობს და მეორე – ინოვაციური პროდუქტები (Innovation Output
Sub-Index), რომელიც მოიცავს ინოვაციის ტრანსლაციას გენერირებული ცოდნიდან კონკრეტულ
შედეგამდე.
ანალიზი ეყრდნობა ისეთ კრიტერიუმებს, რომელიც აერთიანებს ინსტიტუტებს,
ადამიანურ კაპიტალს, კვლევებს, ინფრასტრუქტურას, კრედიტებს, ინვესტიციებს, კავშირებს,
ცოდნის შექმნასა და გავრცელებას, ასევე, შემოქმედებით შედეგებს. თითოეული ქვეინდექსი
აგებულია ძირითადი კომპონენტების შესაბამისად, შეფასება კი ეყრდნობა 80-მდე ინდიკატორს
8 თემატური კატეგორიის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოს მონაცემები
გაუმჯობესდა ორივე ქვეინდექსის შემთხვევაში. გასულ წელთან შედარებით განსაკუთრებით
პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა შემდეგი მიმართულებებით: ინსტიტუციები – 28-ე ადგილი
(2024 წ. 32-ე ადგილი); ცოდნაზე და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტები – 66-ე ადგილი
(2024 წ. 72-ე ადგილი); ბაზრის დახვეწა – 59-ე ადგილი (2024 წ. 64-ე ადგილი); ინფრასტრუქტურა
– 73-ე ადგილი (2024 წ. 74-ე ადგილი); კრეატიული შედეგები – 76-ე ადგილი (2024 წ. 77-ე
ადგილი).
წლევანდელი რეიტინგის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ საშუალო შემოსავლის
ჯგუფის ეკონომიკის მქონე 36 ქვეყანას შორის საქართველო მე-9 ადგილზეა.
2025 წლის ინოვაციების გლობალური ინდექსის საქართველოს შედეგები ნათლად
წარმოაჩენს ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესს ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: ბიზნესგარემო,
ადამიანური კაპიტალი, შემოქმედებითი პროდუქტები, ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა.