საქართველოს ჩინეთის საპატენტო უწყების (SIPO) კომისრის მოადგილე ჰე ჟემინი ესტუმრა
20 ივლისი 2017 წ.
დღეს, 20 ივლისს (2017წ.), ბათუმში გაიმართა საქპატენტის თავმჯდომარის ნიკოლოზ გოგილიძისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო უწყების (SIPO) კომისრის მოადგილის ჰე ჟემინის შეხვედრა, სადაც მხარეებმა განიხილეს ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, დასახეს სამომავლო გეგმები და პერსპექტივები. შეხვედრის დასასრულს, უწყებებს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორწლიან სამოქმედო გეგმას (2017-2018 წწ.), რომელიც ითვალისწინებს ქართული მხარის მონაწილეობას დიდი აბრეშუმის გზის ახალი პროექტის ღონისძიებაში - „ერთი სარტყელი–ერთი გზა“, ასევე, ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის ფარგლებში ქართველი სტუდენტების ჩართვას ინტელექტუალური საკუთრების სამაგისტრო პროგრამაში, გარდა ამისა, გამოყენებული იქნება SIPO-ს საპატენტო ძიებისა და ანალიზის სისტემა (Patent Search and Analysis System), როგორც თანამშრომლობის პლატფორმა და ინსტრუმენტი.
ჩინეთის საპატენტო უწყების (SIPO) კომისრის მოადგილე ჰე ჟემინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. იგი შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გენადი არველაძეს და მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“. SIPO-მსოფლიოში ყველაზე დიდი ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების უწყებაა, რომელიც ევროპის, აშშ-ს, იაპონიის და კორეის შესაბამის უწყებებთან ერთად ინტელექტუალური საკუთრების 5 ყველაზე დიდი უწყების გაერთიანების IP5-ის წევრია. ამ მძლავრ საპატენტო ოფისთან მჭიდრო კავშირები ხელს შეუწყობს საქპატენტის საქმიანობის უკეთ წარმართვას და საქართელოს საპატენტო სისტემის განვითარებას.
