მცენარის ჯიში არის გენეტიკური თავისებურებით განპირობებული ორგანიზმი, რომელიც ამა თუ იმ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ავლენს მისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, რაც ვლინდება მიღებული პროდუქტის რაოდენობასა და ხარისხში.
სასელექციო მუშაობა წარმოებს თაობაში შენარჩუნებული სასარგებლო ნიშან-თვისებების მქონე საუკეთესო მცენარეთა გამორჩევის და გამრავლების გზით ისეთი მცენარის ჯიშის მისაღებად, რომელიც სრულად უპასუხებს მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, ამასთან არსებულ ჯიშებთან შედარებით იქნება ახალი, განსხვავებული, ერთგვაროვანი და თაობაში სტაბილური.
მცენარის ახალი ჯიშის გამოყვანის, ან გამოვლენის და გაუმჯობესების პროცესი ადამიანის მიზანმიმართული შემოქმედებითი საქმიანობაა და ასეთი შრომის ნაყოფი კი განეკუთვნება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, რომელსაც ესაჭიროება სამართლებრივი დაცვა, რათა ახალი ჯიშის სელექციონერმა ამ ჯიშის გასამრავლებელი მასალის რეალიზაციის გზით მიიღოს მის მიერ გაწეული შრომის და მატერიალური დანახარჯების ანაზღაურება და გარკვეული მოგება, როგორც ჯილდო მიღწეული წარმატების საზღაურად. მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვა რეგულირდება საქართველოს კანონით ,,ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ’’ ეს კანონი აწესრიგებს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების სამართლებრივ დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა და მცენარეთა ყველა ახალ გვარსა და სახეობაზე.
მცენარის ახალი ჯიშის სამართლებრივი დაცვა ხდება სელექციონერისათვის განსაკუთრებული უფლების მინიჭებით, მცენარის ახალი ჯიში რეგისტრირდება და გაიცემა სელექციონერის უფლების დამადასტურებელი მოწმობა, თუ ის აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს. მოწმობის გაცემის შედეგად წარმოიქმნება სელექციონერის განსაკუთრებული (ქონებრივი) უფლებები.
მცენარის ახალი ჯიშის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებია - სიახლე, განსხვავებულობა, ერთგვაროვნება და სტაბილურობა
სელექციონერად ითვლება პირი, რომელმაც გამოავლინა და გააუმჯობესა ან გამოიყვანა მცენარის ახალი ჯიში, სამუშაოს მიმცემი ან აღნიშნული პირის უფლებამონაცვლე.
მცენარის ახალი ჯიშის გამოყენებაზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მოქმედების ვადა მისი დარეგისტრირების დღიდან 25 წელია, მრავალწლიანი კულტურებისათვის -30 წელი.
მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის გააქტიურებამ და, ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში ახალი ჯიშების სელექციონერთა განსაკუთრებული უფლებების მოპოვების მიმართ მოთხოვნებისა და ამ უფლებების დაცვის პირობების უნიფიცირების აუცილებლობამ განაპირობა დაინტერესებული ქვეყნების მიერ მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციის მიღება, რომლის ხელმოწერაც მოხდა პარიზში 1961 წელს (ძალაში შევიდა 1968 წელს, გადასინჯული იქნა ჟენევაში 1972, 1978 და 1991 წლებში).
UPOV-ის კონვენციის თანახმად შექმნილია კავშირი, რომლის შტაბბინაც განლაგებულია ჟენევაში და რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის სფეროში სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობათა მოთხოვნების ჰარმონიზება და საამისოდ მეთოდური და ტექნიკური დახმარების გაწევა. საქართველო UPOV-ის წევრია 2008 წლიდან.