პატენტი შეიძლება გაიცეს გამოგონებაზე, რომლის ობიექტს წარმოადგენს:
- მოწყობილობა (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ხელსაწყოები, ელექტრონული სქემები და ა.შ.);
- ნივთიერება (ხსნარები, შენადნობები, ქიმიური ნაერთები და ა.შ.);
- ბიოლოგიური მასალა (მიკროორგანიზმების შტამი, მცენარეთა და ცხოველთა ასოციაციები, უჯრედების კულტურები და ა.შ.);
- ხერხი (ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები და ა.შ.);
- ტექნიკის დონიდან ცნობილი პროდუქტის ახალი დანიშნულებით გამოყენება.
სასარგებლო მოდელის მოწმობა შეიძლება გაიცეს სასარგებლო მოდელზე, რომლის ობიექტს წარმოადგენს:
- მოწყობილობა (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ხელსაწყოები, ელექტრონული სქემები და ა.შ.);
- ხერხი (ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები და ა.შ.);
- ტექნიკის დონიდან ცნობილი პროდუქტის ახალი დანიშნულებით გამოყენება.
პატენტი/მოწმობა იცავს ისეთ გამოგონებას/სასარგებლო მოდელს, რომელიც აკმაყოფილებს სამ კრიტერიუმს (პატენტუნარიანობის/დაცვისუნარიანობის კრიტერიუმები). ეს კრიტერიუმებია: სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა.
1. სიახლე
გამოგონებას/სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ ის არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს. ტექნიკის დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომლებიც პრიორიტეტის თარიღამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა წერილობით, ზეპირი აღწერით, გამოყენებით ან სხვაგვარად.
2. საგამომგონებლო დონე
გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამისი დარგის სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან;
სასარგებლო მოდელს აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამის დარგში გათვითცნობიერებული პირისთვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან.
3. სამრეწველო გამოყენებადობა
გამოგონებას/სასარგებლო მოდელს აქვს სამრეწველო გამოყენებადობა, თუ შესაძლებელია მისი მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში დამზადება ან გამოყენება.
პატენტს/სასარგებლო მოდელის რეგისტრაციას აუქმებს საქპატენტი:
- პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
- პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელის მიერ პატენტის/მოწმობის ძალის შენარჩუნების წლიური საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში. პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელს შეუძლია პატენტის/მოწმობის ძალის შენარჩუნების წლიური საფასურის ვადის გასვლიდან 6 თვეში გადაიხადოს მომდევნო წლით ძალის შენარჩუნების საფასური, რაც გაუქმებული პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის აღდგენას გამოიწვევს. აღნიშნული ვადის გასვლიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში დასაშვებია გაუქმებული პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მოქმედების აღდგენა, თუ პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელი გადაიხდის პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მოქმედების აღდგენისა და ძალის შენარჩუნების საფასურს.
სასამართლო პატენტს/რეგისტრირებულ სასარგებლო მოდელს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს, თუ დადგინდა, რომ:
ა) პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის საგანი პატენტუნარიანი არ არის;
ბ) პატენტი გამოგონებას არ აღწერს ისეთი სისრულით/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელი არ არის აღწერილი ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება;
გ) პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც, კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გამოგონებად/სასარგებლო მოდელად არ მიიჩნევა;
დ) პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც, კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პატენტი/მოწმობა არ გაიცემა;
ე) პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის საგანი სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი/მოწმობა გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცდება შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;
ვ) პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელს არ ჰქონდა პატენტის მიღების უფლება კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად;
ზ) პატენტით/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოვდა.