ENGLISH |
საპატენტო-საინფორმაციო სერვისი - წინასწარი ძიება გულისხმობს საპატენტო ძიებას საერთაშორისო კომერციული და არაკომერციული საპატენტო ბაზების, ასევე არასაპატენტო (მაგ. სამეცნიერო) ლიტერატურის ბაზების გამოყენებით. ძიების მასალები და ანგარიშები გამომგონებლებს დაეხმარება მათი საქმიანობის სფეროში არსებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობაში, საპატენტო განაცხადის მომზადებამდე მათი გამოგონების პატენტუნარიანობის წინასწარ შეფასებაში და შემდგომი ნაბიჯების, მაგალითად, საპატენტო განაცხადის მომზადების და საქპატენტში წარდგენის უკეთესად დაგეგმვაში.
წინასწარი საპატენტო ძიების სერვისი საქპატენტში დაინერგა 2015 წელს და თავდაპირველად ის განკუთვნილი იყო უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტების შეფასებისთვის.
წინასწარი საპატენტო ძიების სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა საქპატენტის განაცხადების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გავლა და შესაბამისი განაცხადის (წინასწარი ძიება) ონლაინ რეჟიმში შევსება.
წინასწარი საპატენტო ძიების სერვისით სარგებლობისთვის საფასური არ არის გათვალისწინებული.