ლოკარნოს შეთანხმება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის დაწესების შესახებ
(1968წ.)
(მოკლე მიმოხილვა)
ლოკარნოს შეთანხმება აწესებს კლასიფიკაციას დიზაინებისათვის (ლოკარნოს კლასიფიკაცია). შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოების უფლებამოსილმა უწყებებმა ოფიციალურ დოკუმენტებში, რომლებიც დიზაინების წარდგენას ან რეგისტრაციას ეხება, უნდა მიუთითონ კლასიფიკაციის კლასი და ქვეკლასი იმ საქონლის შესაბამისად, რომელშიც ჩართულია დიზაინი. ეს ნორმა ეხება აგრეთვე უწყებების გამოცემებს დიზაინების წარდგენასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
კლასიფიკაცია შედგება 32 კლასისა და 223 ქვეკლასისაგან. ის შეიცავს აგრეთვე ნაწარმის ანბანურ სიას იმ კლასებისა და ქვეკლასების მითითებით, რომლებსაც მოცემული ნაწარმი განეკუთვნება. სია შეიცავს ნაწარმზე 7000-მდე მითითებას.
ექსპერტთა კომიტეტი, რომელიც შეთანხმებითაა დაფუძნებული და რომელშიც მისი მონაწილე ყველა სახელმწიფოა წარმოდგენილი, უფლებამოსილია პერიოდულად გადასინჯოს კლასიფიკაცია. ამჟამად მოქმედებს კლასიფიკაციის მეთერთმეტე რედაქცია, რომელიც ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან.
კლასიფიკაციას იყენებს ლოკარნოს შეთანხმების 52 მხარე სახელმწიფო. მას, აგრეთვე, იყენებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) საერთაშორისო ბიურო დიზაინების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ჰააგის შეთანხმების შესაბამისად ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაცია (OAPI), აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების რეგოინალური ორგანიზაცია (ARIPO), ინტელექტუალური საკუთრების ბენელუქსის ორგანიზაცია (BOIP) და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (OAIPO).
ლოკარნოს შეთანხმება დაიდო 1968 წელს და შესწორდა 1979 წელს. ლოკარნოს შეთანხმებით შეიქმნა კავშირი, რომელსაც აქვს ასამბლეა. კავშირის ყოველი წევრი სახელმწიფო ამავე დროს ასამბლეის წევრიცაა. ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კავშირის ორწლიანი პროგრამისა და ბიუჯეტის დამტკიცება.
ლიკარნოს შეთანხმება ღიაა სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის (1883წ.) მხარე სახელმწიფოებისათვის. რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტები დეპონირებული უნდა იქნეს ისმოს გენერალური დირექტორის სახელზე.