ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალური ასამბლეის 57-ე სესია
02 ოქტომბერი 2017 წ.
2017 წლის 2 ოქტომბერიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, შვეიცარიის კონფედერაციის ქ. ჟენევაში, მიმდინარეობდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალური ასამბლეის 57-ე სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქპატენტის დელეგაციამ, თავმჯდომარის ნიკოლოზ გოგილიძის ხელმძღვანელობით.
გენერალური ასამბლეის სესიაზე, ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის სპეციალური კავშირის (მადრიდის კავშირი), თავმჯდომარედ აირჩიეს საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, რომლის კანდიდატურაც, კავშირის თავმჯდომარის პოზიციაზე, წარადგინა ცენტრალური ევროპის და ბალტიის სახელმწიფოთა ჯგუფმა - CEBS. აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმომადგენელი პირველად თავმჯდომარეობს ისმო-ს კავშირს.
ამასთან, ასამბლეის ფარგლებში, გაიმართა საქპატენტის თავმჯდომარის ოფიციალური შეხვედრა ისმო-ს გენერალურ დირექტორთან ფრენსის გარისთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ. წარმატებულად შეფასდა, მათ შორის საქპატენტის ბაზაზე შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის საქმიანობა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესი. ფრენსის გარიმ ხაზი გაუსვა საქართველოს თვალსაჩინო მიღწევებს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით.
საქპატენტის თავმჯდომარე ასევე, შეხვდა ისმო-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს ბინიინგ ვანგს. შეხვედრისას, გადაწყდა, რომ საქართველო იქნება მსოფლიოს მესამე ქვეყანა, სადაც დაინერგება მადრიდის eFiling სისტემა. ამასთან, აღინიშნა, რომ ისმო გააგრძელებს საქპატენტის მხარდაჭერას, მადრიდის საქონლისა და მომსახურების პროგრამაში - MGS ჩასართავად.
საქპატენტის ისმო-ს პროგრამასთან - WIPO Match მიერთების პრაქტიკული საკითხების განხილვა მოხდა, საქპატენტის დელეგაციის შეხვედრისას ისმო-ს გენერალური დირექტორის მოადგილე მარიო მატუსთან.
საქპატენტის დელეგაციამ, გამართა შეხვედრები ისმო-ს აკადემიის დირექტორთან და სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან, სადაც აღინიშნა საქპატენტთან არსებულ სასწავლო ცენტრში ჩატარებული საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის ,,გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ მოწინავე კურსის მნიშვნელობა და 2018 წელს მათი განმეორების აუცილებლობა.
საქპატენტის თავმჯდომარემ და ევროპის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე კრისტიან არჩამბომ, განიხილეს საქპატენტისა და EUIPO-ს თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა EUIPO-სა და საქპატენტის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქპატენტსა და EUIPO-ს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, საქპატენტში უკვე დანერგილ EUIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების ინსტრუმენტებთან TMview, DesignView და TMclass -თან ერთად ინერგება EUIPO-ს მიერ აპრობირებული დამატებითი ინსტრუმენტები როგორიცაა - CESTO, Forecasting, Quality და სხვ.
ნიკოლოზ გოგილიძის, თურქ კოლეგა ჰაბიპ ასანთან ოფიციალური შეხვედრისას, მიმოხილულ იქნა ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, დაისახა სამომავლო გეგმები და პერსპექტივები. დაიგეგმა, ორი მხარის ორგანიზებით, გეოგრაფიული აღნიშვნების რეგიონული სემინარის 2018 წელს საქართველოში ჩატარება. შეხვედრის შედეგად, ასევე, გადაწყდა თურქეთის ინტელექტუალური საკუთრების სამაგისტრო პროგრამაში ქართველი სტუდენტების მონაწილეობისთვის ხელშეწყობის გაგრძელება.
საქპატენტის თავმჯდომარემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პატენტების და სასაქონლო ნიშნების უწყების გენერალურმა დირექტორმა გუნელ სევდიმალიევამ, ოფიციალური შეხვედრისას აღნიშნეს ორი ქვეყნის უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობა და დასახეს სამომავლო გეგმები. ამასთან, ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მიხაილო ტიტარჩუკსა და ნიკოლოზ გოგილიძის მიერ, მოეწერა ხელი მემორანდუმს - ,,სახელმწიფო დაწესებულების - უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტის, საერთაშორისო საძიებო (ISA) და წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის (IPEA) უფლებამოსილ ორგანოდ აღიარების თაობაზე“.
ასამბლეის მიმდინარეობისას, საქართველოს სახელით გაიმართა მიღება - ,,Follow Georgia“, სადაც დელეგატებმა შეაფასეს ქართული მუსიკალური ჯგუფის - ,,შინი“ და თანამედროვე ქართველი ხელოვანის - თამარ კვესიტაძის შემოქმედება.


