საქპატენტს ევროპის საპატენტო უწყების (EPO) დელეგაცია ესტუმრა
28 მარტი 2018 წ.
,,ევროპის საპატენტო უწყებასთან ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ ხელშეკრულების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით საქართველოში იმყოფებოდნენ ევროპის საპატენტო უწყების (EPO) წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ბატონ გენადი არველაძესთან და საქპატენტის ხელმძღვანელობასთან, სადაც მხარეებმა განიხილეს ვალიდაციის ხელშეკრულების ფარგლებში ევროპის საპატენტო უწყებასთან მომავალი თანამშრომლობისა და აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები. საქპატენტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დაასრულეს ვალიდაციის შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები.
ევროპის საპატენტო უწყებაში, რომელიც ახორციელებს საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს, სულ გაწევრიანებულია 38 სახელმწიფო.
