ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტების, რეგისტრაციისა და დეპონირების საფასურებში შეტანილი ცვლილებების შესახებ
13 ივნისი 2018 წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის N328 დადგენილების შესაბამისად, ცვლილებები განხორციელდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტების, რეგისტრაციისა და დეპონირების საფასურებში. დადგენილების მიღების საფუძველია საქართველოს საპატენტო კანონში 2017 წელს შეტანილი ცვლილებები, რომლითაც დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოებისათვის, დაცვის დამატებითი მოწმობის რეგისტრაციისათვის, გამოქვეყნებისათვის, ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ძალის შენარჩუნებისათვის განისაზღვრა შესაბამისი საფასურების გადახდა.
გარდა აღნიშნულისა, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს გარკვეული ქმედებების საფასურების რედაქციული ხასიათის ცვლილებებს, მათ შორის გარკვეული საფასურების გაუქმებასა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზებიდან გამომდინარე, ზოგიერთი საფასურის დაზუსტებას.
ასევე, მოხდა საფასურების დიფერენცირება საქპატენტში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციაზე მატერიალური სახით შეტანილ განაცხადსა და ელექტრონულ განაცხადს შორის და განაცხადის ელექტრონულად შემოტანის შემთხვევაში შესაბამისი დამცავი დოკუმენტების (პატენტი, მოწმობა) გაცემის ჩათვლით საფასურზე გავრცელდა 20%-იანი შეღავათი. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა დადგენილების გამოქვეყნებისთანავე.

