2018 წ. 20-21 ივნისს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (ისმო) თანამშრომლობით, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას - ,,ინტელექტუალური საკუთრება და განათლება“.
კონფერენციაზე განიხილება ინტელექტუალური საკუთრებისა და მისი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სწავლების მნიშვნელობა, ასევე, ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების სწავლების ძირითადი მეთოდოლოგიები როგორც დაწყებით, ისე მომდევნო საგანმანათლებლო ეტაპებზე. ამასთან, მოწვეული ექსპერტების მიერ, საერთაშორისო გამოცდილებიდან, გაზიარებული იქნება სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებში აღნიშნული მიმართულებით განხორცილებული წარმატებული მაგალითები.
გარდა ამისა, კონფერენციაზე, მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ისმო-ს არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, დისტანციური სწავლების კურსების, პროფესიული განვითარების პროგრამების, სამაგისტრო პროგრამებისა და საზაფხულო სკოლის შესახებ. ასევე, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
შეხვედრას ესწრებიან სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, უნივერსიტეტებისა და კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო), საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყებების წარმომადგენლები.