საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“
12 ივლისი 2018 წ.
დღეს, 12 ივლისს (2018წ.), გაიხსნა რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მიერ. კონფერენცია იმართება ქალაქ ბათუმში და მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობას, კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის გაღრმავებას, უწყებათაშორისი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და უფლებების აღსრულების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს შორის კონტაქტების დამყარებას.
კონფერენციაზე განიხილება ის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სათანადო აღსრულებას, მათ შორის ბრენდინგის სტრატეგიის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, უფლებების აღსრულებასთან მიმართებაში ისაუბრებენ ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენასა და კონტრაფაქციული საქონლის ონლაინ სივრცეში გაყიდვებზე. ყურადღება გამახვილდება DCFTA-ის შეთანხმების საფუძველზე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირეულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ საქართველოს კანონში 2018 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე, პარალელურ იმპორტზე, მტკიცებულებების უზრუნველყოფის და ზიანის დადგენის თაობაზე საერთაშორისო პრაქტიკასა და სხვა აქტუალურ თემებზე.
ღონისძიების მონაწილეები, ასევე, განიხილავენ ბოლო პერიოდში კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოში გადადგმული ნაბიჯების შედეგებს და არსებულ გამოწვევებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორის ასისტენტი, მილენიკ გეტაჰუნი. კონფერენციაში მონაწილეობენ, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტთან არსებული აშშ-ს ინტელექტუალური საკუთრების სასაზღვრო და საბაჟო დაცვის განყოფილების, აშშ-ს სასაქონლო ნიშნებისა და პატენტების უწყების (USPTO), ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ადგილობრივი და უცხოური კერძო კომპანიების, საქპატენტთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, სახელმწიფო უწყებების და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის ორგანიზატორების პარტნიორები არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველო, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა. სპონსორობას უწევენ კომპანიები - „შალვინო“, „ბი-ელ-სი იურიდიული ოფისი“ და „მიქაძე, გეგეჩკორი, თაქთაქიშვილის იურიდიული კომპანია“.
კონფერენციის მუშაობა ორ დღეს გასტანს და მას 100-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.
