ლატვიაში სახელის „ჩურჩხელა“ უკანონო გამოყენება აღიკვეთა
14 აგვისტო 2018 წ.
ლატვიის სურსათისა და ვეტერინარიის სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, მოხდა გეოგრაფიული აღნიშვნის - „ჩურჩხელა“ უფლების დარღვევით ნიშანდებული პროდუქციის ლატვიის სავაჭრო ობიექტებიდან ამოღება. აღნიშნული განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად შექმნილი გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის სხდომაზე, ქართული მხარის მოთხოვნით დაყენებული საკითხის განხილვის შესაბამისად. სხდომაზე, რომელიც 2018 წლის მარტში გაიმართა, მხარეებმა განიხილეს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის „ჩურჩხელა“ ევროკავშირის ტერიტორიაზე, კერძოდ ლატვიის რესპუბლიკაში, უკანონო გამოყენების აღკვეთისა და უფლებების აღსრულების საკითხი. ქართული მხარე, ევროკავშირის მხარის დახმარებით, განაგრძობს აქტიურ მუშაობას, აღნიშნული ფაქტის გამოვლენისა და აღკვეთისათვის.

