WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის აღმასრულებელი დირექტორის, შერიფ საადალას საქართველოში ვიზიტი
17 სექტემბერი 2018 წ.
17-19 სექტემბერს, საქპატენტს ოფიციალური ვიზიტით მეორედ ეწვია WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი, შერიფ საადალა.
საადალა, WIPO-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გახსნის WIPO-ს აკადემიისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ, ინგლისურენოვან საერთაშორისო სასწავლო კურსს - „გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“, რომელიც წელს მეორედ ჩატარდება საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დაგროვილი ცოდნის გათვალისწინებით, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის, სადაც WIPO-ს აკადემიის გადაწყვეტილებით, პროფესიული განვითარების კურსი ტარდება.
კურსი განკუთვნილია სხვადასხვა ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და შესაბამისი სამინისტროების ექსპერტებისათვის და მიზნად ისახავს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. მასში მონაწილეობას მიიღებს 13 ქვეყნის წარმომადგენელი.
გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ კურსს, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, უძღვებიან WIPO-ს მიერ სერთიფიცირებული, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები.
ვიზიტისას, შერიფ საადალა ასევე, ოფიციალურად გამოაცხადებს WIPO-ს აკადემიის დისტანციური სწავლების ქართულენოვანი კურსის (DL101GE) გახსნის შესახებ, რომლის შემუშავება საქპატენტის მიერ დასრულდა და მისი გავლა დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 19 სექტემბრიდან უკვე ქართულ ენაზე შეეძლებათ.
ბატონი საადალა ასევე, შეაფასებს WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის პროექტის ფარგლებში, საქპატენტის სასწავლო ცენტრში ლექტორების გადამზადების და სასწავლო პროგრამების შემუშავების პროექტის წარმატებით დასრულებას (TOT). გადამზადების შედეგად, ქართველ ლექტორებს ოფიციალურად მიენიჭათ WIPO-ს აკადემიის აკრედიტირებული ტრენერების სტატუსი და მათ შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ არა მხოლოდ საქპატენტის სასწავლო ცენტრის, არამედ WIPO-ს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო პროექტებში.
შერიფ საადალას ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც განიხილება WIPO-ს აკადემიასთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
