WIPO-ს გენერალურ ასამბლეას საქპატენტის დელეგაცია დაესწრო
24 სექტემბერი 2018 წ.
2018 წლის 24 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, შვეიცარიის კონფედერაციის ქ. ჟენევაში, მიმდინარეობდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალური ასამბლეის 58-ე სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქპატენტის დელეგაციამ, თავმჯდომარის ნიკოლოზ გოგილიძის ხელმძღვანელობით.
გენერალური ასამბლეის სესიაზე, სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო კავშირის (პარიზის კავშირი) აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ნიკოლოზ გოგილიძე აირჩიეს, რომლის კანდიდატურაც ცენტრალური ევროპისა და ბალტიის სახელმწიფოთა ჯგუფმა - CEBS წარადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმომადგენელი, ასევე თავმჯდომარეობს ისმო-ს ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის სპეციალურ კავშირს (მადრიდის კავშირი) და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის ლისაბონის შეთანხმებისა და ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის სამუშაო ჯგუფს, რაც წარმოადგენს საქართველოს აქტიური ჩართულობის შედეგს აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობაში.
ამასთან, ასამბლეის ფარგლებში, გაიმართა საქპატენტის თავმჯდომარის ოფიციალური შეხვედრა ისმო-ს გენერალურ დირექტორთან ფრენსის გარისთან. ფრენსის გარიმ ხაზი გაუსვა საქართველოს თვალსაჩინო მიღწევებს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე აღნიშნა, რომ საქპატენტთან ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა და კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ორმხრივი თანამშრომლობა. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, იმსჯელეს მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელების შესახებ.
საქპატენტის თავმჯდომარე ასევე, შეხვდა ისმო-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს ბინიინგ ვანგს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ისმო გააგრძელებს საქპატენტის მხარდაჭერას, მადრიდის საქონლისა და მომსახურების პროგრამაში - MGS და მადრიდის eFiling სისტემაში საქპატენტის ინტეგრაციის პროცესის დასრულებაში. ამასთან, გადაწყდა, რომ საქართველოში ჩატარდება ისმო-ს სერვისების წამახალისებელი ღონისძიება.
საქპატენტის დელეგაციამ, შეხვედრები გამართა ისმო-ს აკადემიის დირექტორთან, სადაც აღინიშნა საქპატენტთან არსებულ სასწავლო ცენტრში ჩატარებული საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის „გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ მოწინავე კურსის მნიშვნელობა, რომელიც მეორედ ჩატარდა საქართველოში და წელსაც მაღალი შეფასება დაიმსახურა, როგორც მონაწილეების, ისე ისმო-ს აკადემიის წარმომადგენლების მხრიდან. ამასთან, წარმატებულად შეფასდა, საქპატენტის სასწავლო ცენტრში ლექტორების გადამზადების და სასწავლო პროგრამების შემუშავების (TOT), აგრეთვე ისმო-ს აკადემიის დისტანციური სწავლების ქართულენოვანი კურსის (DL101GE) პროექტი. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს მომავალში საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სამაგისტრო კურსის ორგანიზების შესაძლებლობა.
საქპატენტის თავმჯდომარემ და ევროპის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტიან არშამბომ, განიხილეს საქპატენტისა და EUIPO-ს თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა EUIPO-სა და საქპატენტის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქპატენტსა და EUIPO-ს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, საქპატენტში EUIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების ინსტრუმენტებთან TMview, DesignView და TMclass-თან ერთად, უკვე დაინერგა EUIPO-ს მიერ აპრობირებული დამატებითი ინსტრუმენტები როგორიცაა - Quality და User Satisfaction Survey (USS). ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა სხვა ინსტრუმეტების დანერგვაზეც (CESTO, Design Class, Front Office, HDB).
ევროპის საპატენტო ორგანიზაციასთან (EPO) შეხვედრისას განხილულ იქნა „ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ვალიდაციის ხელშეკრულების ფარგლებში ევროპის საპატენტო უწყებასთან მომავალი თანამშრომლობისა და აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები.
ნიკოლოზ გოგილიძის, თურქ კოლეგა ჰაბიპ ასანთან ოფიციალური შეხვედრისას, მიმოხილულ იქნა ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, დაისახა სამომავლო გეგმები და პერსპექტივები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ორი მხარის ორგანიზებით დაგეგმილი გეოგრაფიული აღნიშვნების რეგიონული სემინარის 2018 წელს საქართველოში ჩატარების საკითხი. ამასთან, შეხვედრის შედეგად,გადაწყდა თურქეთის ინტელექტუალური საკუთრების სამაგისტრო პროგრამაში ქართველი სტუდენტების მონაწილეობისთვის ხელშეწყობის გაგრძელება.
