საქპატენტი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმზე
20 მარტი 2019 წ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში (SDSU-Georgia) - ორგანიზებით, დღეს, 20 მარტს, (2019), სასტუმრო ბილტმორში იმართება ყოველწლიური დასაქმებისა და სტაჟირების გამოფენა.
ღონისძიების მთავარი მიზანია, ერთმანეთს დააკავშიროს უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები და მათი მომავალი დამსაქმებლები.
მასში 60-ზე მეტი კერძო თუ საჯარო ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას. სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად ფორუმში, მესამედ მონაწილეობს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი.
გამოფენაზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს, საქპატენტის წარმომადგენლები საქპატენტში სტაჟირების და დასაქმების შესაძლებლობებს აცნობენ.
2015 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებს, სთავაზობს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს კომპიუტერულ და ელექტრონულ ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და ქიმია/ბიოქიმიაში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში პირველივე წელს მიიღო უნიკალური უნარებისა და კვალიფიკაციის მქონე სტუდენტთა ნაკადი. მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში გამარჯვებული ახალგაზრდა გამომგონებლები და ინოვატორები, რომლებიც უკვე არაერთ პროექტს ახორციელებენ.
