„საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის (Twinning) პროექტის განხორციელება იწყება
28 მარტი 2019 წ.
28 მარტს (2019წ.), საქპატენტის მცხეთის ოფისში, „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის (Twinning) პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა განიხილეს და ხელი მოაწერეს პროექტის განხორციელების პირველი ექვსი თვის სამოქმედო გეგმას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქპატენტის, იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თურქეთში საფრანგეთის საელჩოს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, ასევე იტალიისა და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები.
„საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ პროექტი ხორციელდება იტალიისა და საფრანგეთის კონსორციუმთან ერთად. პროექტის ძირითადი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“. პროექტში ასევე ჩართულები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, სურსათის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობას და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზებას. პროექტი იძლევა შესაძლებლობას ამ მიმართულებით წამყვანი ქვეყნების, საფრანგეთისა და იტალიის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით შეიქმნას ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემას, ასევე ხელს შეუწყობს ამ სფეროში ეროვნული ინსტიტუტების კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას. პროექტი, ასევე ითვალისწინებს მწარმოებელთა ასოციაციებისა და გაერთიანებების როლის გაზრდას გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემაში.
ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სფერო ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოსთვის. ის უკვე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი აგროპროდუქტების წარმოების, მათი საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.
„საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ტვინინგის პროექტი ორწლიანია და მასზე ევროკავშირის მიერ 1.500,000 ევროა გამოყოფილი.
