საპატენტო ძიება - უფასო სასწავლო კურსი საქპატენტის სასწავლო ცენტრში
23 მაისი 2019 წ.
ინტელექტუალური საკუთრების, კერძოდ საპატენტო სფეროში არსებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობის, საპატენტო განაცხადის მომზადებამდე ტექნიკის დონის პირველადი შეფასებისა და საპატენტო უწყებაში განაცხადის წარდგენის დაგეგმვის შესასწავლად, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტი შეიმუშავა სასწავლო კურსი, რომელსაც უფასოდ სთავაზობს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს.
კურსს, რომელიც რიგით მეორედ 20-23 მაისს (2019წ.) ჩატარდა უწყების ბაზაზე არსებულ სასწავლო ცენტრში, დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის წარმომადგენლები. ოთხი დღის განმავლობაში მათ მიიღეს საბაზისო ცოდნა საპატენტო ინფორმაციის მნიშვნელობის, ძირითადი საძიებო სისტემებისა და საძიებო ტექნიკის შესახებ.
კურსს უძღვებიან სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „ საქპატენტი“ სასწავლო ცენტრის ტრენერები (ტუტორები). კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
