IBSU-ს სტუდენტები საქპატენტის სერვისებს გაეცნენ
20 მაისი 2019 წ.
დღეს, 20 მაისს (2019 წ.), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) კვლევებისა და ინოვაციების ჰაბში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ფაკულტეტების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საჭიროების შესახებ. ასევე, მათ მიიღეს ინფორმაცია საპატენტო სისტემასა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის სერვისებზე, რომლის შესახებ ისაუბრა უწყების გამოგონებების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ კუციამ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის მიერ, რომლის მიზანია ჰაბის წევრების დახმარება ინოვაციის სფეროს მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული უნარების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, იგეგმება რეგულარული კონსულტაციები და შეხვედრები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან - საქპატენტთან. აღნიშნული ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის უფრო აქტიურ ჩართვას ინოვაციურ საქმიანობაში, ამ კონტექსტში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საჭიროების გაცნობიერებასა და შესაბამისად ინტელეტუალური საკუთრების უწყების სერვისების გამოყენების აუცილებლობაში.

