საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ 2019
18 ივლისი 2019 წ.
18 ივლისს (2019 წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“. კონფერენცია წელს მეხუთედ გაიმართა და მიზნად ისახავდა მონაწილეთა ინფორმირებას კონტრაფაქციასა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოწვევების შესახებ, ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობას. აღნიშნული კონფერენცია ხელს უწყობს ამ მიმართულებით კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის გაღრმავებას, ასევე უწყებათაშორისი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
წლევანდელი კონფერენცია გახსნეს აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) უფროსმა მრჩეველმა, ნამდი ეზერამ, საქპატენტის თავმჯდომარემ, გენადი ლებანიძემ, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სექტორის უფროსმა, ვირაგ ჰალგანმა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ელგუჯა ბერანძემ.
კონფერენციას ესწრებოდა 130-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის სახელმწიფო სექტორის, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, ასოციაციებისა და ფონდების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილება კონფერენციის მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში გაუზიარეს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), აშშ-ს პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების (USPTO), აშშ-ს საოლქო სასამართლოს მოსამართლეებმა, აშშ-ს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ეროვნული საკოორდინაციო ცენტრის, ანტიკონტრაფაქციული ქსელის (REACT), ,,ბიზნესი კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ (BASCAP), საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), რეგიონის ქვეყნების საბაჟო სტრუქტურების, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის, ადგილობრივი და უცხოური კერძო კომპანიებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.
წელს, კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონის საბაჟო ორგანოების საქმიანობას კონტრაფაქციასთან ბრძოლის მიმართულებით. აღნიშნულ საკითხზე დისკუსიის ფარგლებში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, თურქეთის და უკრაინის საბაჟო ორგანოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს სასაზღვრო ღონისძიებებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გზებზე.
კონფერენციაზე ასევე იმსჯელეს კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ტენდენციებსა და პრობლემებზე, მათ შორის კონტრაფაქციული საქონლის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე.
ასევე, განიხილეს ბოლო პერიოდში კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოში გადადგმული ნაბიჯების შედეგები და არსებული გამოწვევები.
კონფერენციის პარტნიორები არიან: ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა. კონფერენციას სპონსორობას უწევენ კომპანიები - „შალვინო“ და იურიდიული კომპანია ,,მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი”.
