ჩურჩხელა, ტეკილა, ხვანჭკარა, პარმიჯანო რეჯანო და სულგუნი - ქართული და უცხოური გეოგრაფიული აღნიშვნები ერთ საგამოფენო სივრცეში
24 სექტემბერი 2019 წ.
დღეს, 24 სექტემბერს (2019წ.), ქართული და უცხოური გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციით გაიხსნა “საერთაშორისო კონფერენცია გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ”, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი და გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსი - ,,OriGIn”. რამდენიმე დღეა საქართველო, როგორც OriGIn”-ის ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა, იქცა გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო ცენტრად. საქართველოში იმყოფებიან ისეთი ცნობილი გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქტების მწარმოებლები, როგორებიცაა, ,,ტეკილა“, ,,პროსეკო“, ,,ბავარიული ლუდი“, ,,ყველი პარმიჯანო რეჯანო“, ,,მოდენას ბალზამიკოს ძმარი“, ,,პარმას ლორი“ და სხვა. კონფერენციის ჩატარებისა და პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციის გამართვის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის პოპულარიზაციას, ამ სფეროში ქართველ მეწარმეთა ცნობიერების ამაღლებას, უცხოელ მეწარმეებთან მათ უშუალო კონტაქტების დამყარებას და საკუთარი პროდუქციის გაცნობას.

გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის აღნიშვნისთვის, რომლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები ან რეპუტაცია განპირობებულია ამ წარმოების ადგილისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით. გარემო პირობებში იგულისხმება ნიადაგისა და წყლის შემადგენლობა, კლიმატი, ლანდშაფტი და სხვა ბუნებრივი მახასიათებლები. ადამიანური ფაქტორი მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციულ ცოდნასა და გამოცდილებას. საქართველოში, დღეის მდგომარეობით დაცულია 48 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება: 20 - ღვინო (ატენი, ახაშენი, წინანდალი, გურჯაანი, კარდენახი, კახეთი, კოტეხი, ყვარელი, მანავი, მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, სვირი, თელიანი, ტიბაანი, ტვიში, ვაზისუბანი, ხვანჭკარა, ხაშმის საფერავი, ბოლნისი), 8 - მინერალური წყალი (ბორჯომი, საირმე, ნაბეღლავი, მიტარბი, უწერა, სქური, ზვარე, ბოლნისი), 13 - ყველი (სვანური სულგუნი, კობი, იმერული ყველი, მესხური ჩეჩილი, დამბალხაჭო, თუშური გუდა, გუდა, მეგრული სულგუნი, სულგუნი, ქართული ყველი, ტენილი, აჭარული ჩლეჩილი, ჩოგი), ჭაჭა,მაწონი, ჩურჩხელა, ახალქალაქის კარტოფილი, ქუთაისის მწვანილი, ტყიბულის ჩაი, მაჭახელას თაფლი. აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული აღნიშვნის მატარებელი პროდუქციის ღირებულება საშუალოდ 2.5 ჯერ აღემატება ანალოგიური სხვა პროდუქტების ფასს, ასევე გეოგრაფიული აღნიშვნის მატარებელი პროდუქცია სარგებლობს ბაზარზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნილებით. გარდა ამისა, გეოგრაფიული აღნიშვნის მატარებელი პროდუქცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების რეგიონალურ განვითარებაში (ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადგილობრივი მოსახლეობის ადგილებზე დამაგრება, რეგიონის ცნობადობის ზრდა, აგრარული ტურიზმის განვითარება).
გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსი - ,,OriGIn” წარმოადგენს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებულია 40-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის საქართველო) 500-მდე მეწარმეთა ასოციაცია და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციები.

