ღვინის ფესტივალი 2019
12 ოქტომბერი 2019 წ.
დღეს, 12 ოქტომბერს (2019წ.), გურჯაანში, ახტალის პარკში მესამედ გაიმართა ღვინის ფესტივალი, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო გლეხების მიერ ქვევრში დაყენებული ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული150-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები, ტრადიციულ კერძებთან ერთად.
ფესტივალში, ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ მეწარმეებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტი. უწყების მიერ წარმოდგენილი იყო საინფორმაციო სტენდი, რომელზეც კონკრეტულად კახეთის რეგიონში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელებებით დაცული პროდუქცია გამოიფინა. უწყების ექსპერტებმა კონსულტაცია ჩაუტარეს ფესტივალში მონაწილე მწარმოებლებს და ღონისძიებაზე გაავრცელეს საინფორმაციო ბროშურები და ფლაერები ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ.
დღესდღეობით, საქართველოში დაცულია 28 ადგილწარმოშობის დასახელება, აქედან 20 ღვინისთვის და უმეტესობა მათგანი კახეთის რეგიონში იწარმოება.
ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის, რაიონის, რეგიონის, გამონაკლის შემთხვევაში, ქვეყნის თანამედროვე ან ისტორიული სახელი, გამოყენებული ისეთი საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული (და არა განსაზღვრული) ხარისხი და მახასიათებლები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით. ამასთან, საქონლის დამზადებასთან დაკავშირებული მთლიანი ციკლი უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში.

