2020 წელს WIPO-ს გენერალურ ასამბლეას, ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით, საქართველო უხელმძღვანელებს
09 ოქტომბერი 2019 წ.
დღეს, 9 ოქტომბერს (2019წ.), დასრულდა, შვეიცარიის კონფედერაციის ქ. ჟენევაში, მიმდინარე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 59-ე სესია, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის დელეგაციამ, თავმჯდომარის გენადი ლებანიძის ხელმძღვანელობით.
აღნიშნული სესიის ფარგლებში, წევრი სახელმწიფოთა კონსენსუსის შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის ჟენევასთან აკრედიტებული გაეროს ორგანიზაციებში, ვიქტორ დოლიძის 2020 წლისთვის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შესახებ, რაც წარმოადგენს საქართველოს აქტიური ჩართულობის შედეგს აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობაში.
წლევანდელი ასამბლეის ფარგლებში, გაიმართა საქპატენტის თავმჯდომარის ოფიციალური შეხვედრა WIPO-ს გენერალურ დირექტორთან ფრენსის გარისთან. ფრენსის გარიმ ხაზი გაუსვა საქართველოს თვალსაჩინო მიღწევებს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე აღნიშნა, რომ საქპატენტთან ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა და კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ორმხრივი თანამშრომლობა. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, იმსჯელეს მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელების შესახებ, მათ შორის განიხილეს WIPO-ში საქართველოს მეტი წარმომადგენლის დასაქმების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე.
საქპატენტის თავმჯდომარე ასევე, შეხვდა WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს ბინიინგ ვანგს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ისმო-სთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, საქპატენტი გახდა მესამე უწყება მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც მიუერთდა WIPO-ს ადმინისტრირებად პროგრამა „eFiling“-ს, რისი საშუალებითაც ქართველ მომხმარებლებს საშუალება მიეცათ წარადგინონ საერთაშორისო განაცხადი ელექტრონულად, რაც მათ უადვილებთ „ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ, მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის“ წევრ ქვეყნებში სასაქონლო ნიშნის გავრცელების პროცედურას. ასევე, საქპატენტი შეუერთდა WIPO-ს მიერ ადმინისტრირებად პროგრამას - „მადრიდის საქონლისა და მომსახურების მენეჯერს (MGS)“, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საქონლის ან/და მომსახურების ჩამონათვალი ელექტრონულადვე თარგმნოს 19 სხვადასხვა ენაზე, რომელთა შორის უკვე ქართული ენაც არის.
ამასთან, შეხვედრაზე ქალბატონმა ვანგმა აღნიშნა, რომ WIPO გააგრძელებს საქპატენტის მხარდაჭერას, მადრიდის MGS სისტემაში საქპატენტის სრული ინტეგრაციის პროცესის დასრულებაში, რაც გულისხმობს MGS მენეჯერის საქონლისა და მომსახურების სრული ჩამონათვალის თარგმნას, რაც გაამარტივებს სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზის პროცესს და ასევე, გაუადვილებს ქართველ მომხმარებლებს საერთაშორისო განაცხადის შევსებას „eFiling”-ის სისტემის მეშვეობით.
საქპატენტის დელეგაციამ, შეხვედრები გამართა WIPO-ს აკადემიის დირექტორთან, სადაც აღინიშნა საქპატენტთან არსებულ სასწავლო ცენტრში ჩატარებული საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის „გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ მოწინავე კურსის მნიშვნელობა, რომელიც მესამედ ჩატარდა საქართველოში და წელსაც მაღალი შეფასება დაიმსახურა, როგორც მონაწილეების, ისე ისმო-ს აკადემიის წარმომადგენლების მხრიდან. ამასთან, წარმატებულად შეფასდა საქპატენტის სასწავლო ცენტრში ლექტორების გადამზადების და სასწავლო პროგრამების შემუშავების (TOT), აგრეთვე WIPO-ს აკადემიის დისტანციური სწავლების ქართულენოვანი კურსის (DL101GE) პროექტი. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს მომავალში საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სამაგისტრო კურსის ორგანიზებისა და უფრო მაღალი საფეხურების WIPO-ს აკადემიის დისტანციური პროგრამების ქართულ ენაზე თარგმანისა და გადამუშავების შესაძლებლობაც.
საქპატენტის თავმჯდომარემ და ევროპის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტიან არშამბომ, განიხილეს საქპატენტისა და EUIPO-ს თანამშრომლობის საკითხები და მიმდინარე პროექტები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ საქართველოს ერთიანი მხარდაჭერის ჩარჩოში (Single Support Framework 2017-2020) საქპატენტისა და EUIPO-ს მიერ შემუშავებული პროექტის დაწყების საკითხებზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება EUIPO-სთან თანამშრომლობა სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის, ასევე სასაქონლო ნიშნებსა და დიზაინებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო ინსტრუქციების შემუშავების, EUIPO-ს დანარჩენი ინსტრუმენტების იმპლემენტაციის დასრულებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების კუთხით. საქპატენტის თავმჯდომარემ, ასევე, მადლობა გადაუხადა ბატონ არშამბოს საქპატენტის სააპელაციო პალატის თანამშრომლის EUIPO-ს სააპელაციო პალატაში მომდევნო თვიდან სასწავლო მივლინების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობისათვის.
ევროპის საპატენტო ორგანიზაციასთან (EPO) შეხვედრისას განხილულ იქნა „ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ვალიდაციის ხელშეკრულების ფარგლებში ევროპის საპატენტო უწყებასთან მომავალი თანამშრომლობისა და აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები.
საქპატენტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა ასევე, ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებთან, მათ შორის, თურქ კოლეგა ჰაბიპ ასანთან ოფიციალური შეხვედრისას, მიმოხილულ იქნა ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, დაისახა სამომავლო გეგმები და პერსპექტივები. შეხვედრაზე ასევე, გადაწყდა თურქეთის ინტელექტუალური საკუთრების სამაგისტრო პროგრამაში ქართველი სტუდენტების მონაწილეობისთვის ხელშეწყობის გაგრძელება. მოლდოველ კოლეგასთან ერთად განიხილეს საქართველოსა და მოლდოვას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

