საქართველოში საპატენტო დაცვაზე წვდომა გამარტივდება
30 ოქტომბერი 2019 წ.
დღეს, ქ. მიუნხენში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძისა და ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის, ანტონიო კამპინოსის მიერ, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ერთიანი ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება მასზე გაცემული ევროპული პატენტის საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდირება, რაც საერთაშორისო განმცხადებლებს გაუმარტივებს საქართველოში გამოგონებების დაპატენტების პროცედურას.
,,ამ შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით,“ - განაცხადა ანტონიო კამპინოსმა. ,,იგი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ევროპული საპატენტო სისტემის მიმზიდველობასა და გეოგრაფიულ ფარგლებს. მისი მეშვეობით, გამარტივდება წვდომა საპატენტო დაცვაზე საქართველოში, რის შედეგადაც ევროპელ განმცხადებლებსა და პატენტების მფლობელებს შესაძლებლობა მიეცემათ, განახორციელონ თავიანთი პატენტების ვალიდაცია საქართველოში. ამავე დროს, იგი ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ევროპული კომპანიებისათვის შექმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს.“
გენადი არველაძის განცხადებით, ,,ვალიდაციის შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსათვის, იგი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ ბაზართან. იგი ასევე გაამარტივებს მოლაპარაკებებს საქართველოს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრობა კიდევ უფრო განამტკიცებს სამრეწველო საკუთრების დაცვას საქართველოში და ამგვარად ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების განხორციელებას.“
ევროპის საპატენტო უწყებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის თავმჯდომარემ, გენადი ლებანიძემ: ,,ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა დიდ წვლილს შეიტანს ქვეყანაში ინოვაციების განვითარების შემდგომი მხარდაჭერის საქმეში. საქპატენტს შესაძლებლობა მიეცემა, ისარგებლოს მოწინავე ევროპული საუკეთესო პრაქტიკით ევროპის საპატენტო უწყებასთან მრავალმხრივი ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში.“
აღსანიშნავია, რომ საქართველო მიზნად ისახავს ევროპის საპატენტო ორგანიზაციში (EPO) გაწევრიანებას. შესაბამისად, ვალიდაციის შეთანხმებაზე ხელმოწერა გაამარტივებს მოლაპარაკებების პროცესს მხარეებს შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციის წევრობა, შემდგომში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება საქართველოსთვის ბევრი მიმართულებით. საქართველოს EPO-ში გაწევრიანება ინვესტორებისთვის იქნება გზავნილი რომ საქართველო არის ევროპული საპატენტო ოჯახის წევრი და რომ საქართველოში საპატენტო უფლებები დაცულია ევროპის ქვეყნებში არსებული დაცვის ხარისხის შესაბამისად.
ამ ეტაპზე, თანამშრომლობა ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა და საქპატენტს შორის მოიცავს საპატენტო ინფორმაციის რეგულარულ გაცვლასა და ქართველი საპატენტო ექსპერტების ტრენინგებს. ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ორმხრივი ტექნიკური თანამშრომლობა ორ უწყებას შორის გაღრმავდება, მეტი ყურადღება დაეთმობა ინტელექტუალური საკუთრების განვითარებასა და საპატენტო სფეროში ცნობიერების ამაღლებას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეროვნული ინოვაციის განვითარების საქმეში.
ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა (EPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - ,,საქპატენტს“ შორის მოლაპარაკებები ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმებაზე 2012 წლიდან მიმდინარეობდა, რის შედეგად მხარეთა მიერ გამოხატულ იქნა ინტერესი აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით.
ვალიდაციის შეთანხმების შესაბამისად, განმცხადებლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ თავიანთი ევროპული საპატენტო განაცხადებისა და ევროპის საპატენტო უწყების მიერ გაცემული პატენტების ვალიდაცია საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროპის საპატენტო კონვენციის მონაწილე ქვეყანა. საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ განაცხადებსა და პატენტებს იგივე სამართლებრივი ძალა ექნებათ, რაც გააჩნია ქართულ განაცხადებსა და პატენტებს, ამასთან სამართლებრივი ქმედებები ვალიდირებულ ევროპულ პატენტთან დაკავშირებით დარეგულირდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორცილებელ ორგანიზაციას. EPO ახდენს გამოგონებებზე საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს, მისი საქმიანობა მიმართულია ევროპის მასშტაბით ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისაკენ, რასაც იგი უზრუნველყოფს ევროპის საპატენტო კონვენციის შესაბამისად მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებით. დღეისათვის, ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში (EPO) გაწევრიანებულია 38 წევრი ქვეყანა, რაც მოიცავს ევროკავშირის ყველა, 28 წევრ სახელმწიფოს და ასევე, ევროკავშირის ზოგიერთ არაწევრ ქვეყნებს.

