ევროკავშირის პროექტის წარდგენა - "საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა"
07 ნოემბერი 2019 წ.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი (Twinning), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვას, დღეს, 7 ნოემბერს (2019წ.) ოფიციალურად გამოცხადდა. სასტუმრო მეტეხი პალასში გამართული Twinning-ის პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა.
საჯარო სამსახურების Twinning-ის პროექტი საქართველოსადმი ევროკავშირის სექტორული მხარდაჭერის შემადგენელი ნაწილია, რომლის განსახორციელებლად ევროკავშირის მიერ გამოიყო 1.5 მილიონი ევრო და იგი დაეკისრა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოცემულ სფეროში ეროვნულ სამსახურებს (იტალია და საფრანგეთი). პროექტის მთავარი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, რომელსაც ეძლევა საშუალება ევროკავშირის დახმარებით, წამყვანი ქვეყნების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, შექმნას ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემას, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას. პროექტი, ასევე ითვალისწინებს მწარმოებელთა ასოციაციებისა და გაერთიანებების როლის გაზრდას გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებაში. Twinning-ის პროექტი გრძელდება 2021 წლის იანვრის ჩათვლით და მასში ჩართულია იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათის, სატყევე მეურნეობის სამინისტრო და საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.
გეოგრაფიული აღნიშვნა ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება ბუნებრივ პირობებთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ადგილობრივი უნიკალური პროდუქციის ცნობადობის ზრდასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემისა და ზოგადად ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მისი დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში.

