კონკურსმა “ლეონარდო და ვინჩი” ახალგაზრდა გამომგონებლები გამოავლინა
15 ნოემბერი 2019 წ.
დღეს, 15 ნოემბერს (2019წ.), გაიმართა ყოველწლიური, რიგით მე-9, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ დაჯილდოების ცერემონია. კონკურსი, რომლის მიზანია ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, სწავლის დონის ამაღლების ხელშეწყობა, გამომგონებლების ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების გამოვლენა და შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების სტიმულირება, 2010 წლიდან ტარდება და კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასებაში ყოველწლიურად ჩართულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის მექანიკის განყოფილება.
მწერალთა სახლის საგამოფენო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე, კონკურსის “ლეონარდო და ვინჩი” გრანპრი, წელს მოიპოვეს სერვანტესის სახელობის გიმნაზია ,,აია-GESS” მოსწავლეებმა როსტომ ნიორაძემ და ქეთა აფციაურმა, პროექტისთვის: „თეთრი დათვი -შუქგამტარული მოქნილი მასივი სტატიკური მზის პანელის გაიდის როლში და პელტიეს ელემენტების გამოყენება ფუჭი სითბური ნაკადის უტილიზაციისათვის“. გამარჯვებულები, კონკურსის ორგანიზატორებთან, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე მხარდამჭერებთან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოსა და თიბისი ბანკის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დააჯილდოვა, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -საქპატენტის თავმჯდომარემ, გენადი ლებანიძემ. საქპატენტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა ცისიერ დიღმელაშვილის ქართულ-ფრანგული სკოლის XII-ე კლასის მოსწავლე, ნინო ოთარაშვილი პროექტისთვის „ეკოლოგიური ნეფელომეტრი“. პროექტით წარმოდგენილი იყო ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციისა და რაოდენობის განმსაზღვრელი მოწყობილობა, რომლის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება წყალში გახსნილი და/ან შეწონილი მტვრის ნაწილაკების რაოდენობის განსაზღვრასა და მათი გაბნევის გაზომვას.
ქვეყანაში ინოვაციური და საგომომგონებლო საქმიანობის ხელშეწყობა, საქპატენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

