“მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდაჭერა რძის სექტორში, გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების გზით” პროექტი დასასრულს უახლოვდება
19 ნოემბერი 2019 წ.
დღეს, 19 ნოემბერს (2019წ.) გაიმართა პროექტის “მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდაჭერა რძის სექტორში, გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების გზით” წარმატებულად დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა პროექტის შედეგების შეჯამებასა და მიღებული გაკვეთილების წარმოჩენას. საქართველოში ეფექტური გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს 2017 წლიდან ახორციელებდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), და თანამშრომლობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან - საქპატენტთან.
კრწანისის რეზიდენციის კომპლექსში გამართულ კონფერენციაზე - “საქართველოს სასურსათო მემკვიდრეობა: გზა წარმატებული და ინკლუზიური გეოგრაფიული აღნიშვნებისკენ” მწარმოებლებისა და საცალო მოვაჭრეების მხრიდან გაზიარებულ იქნა მათ გამოცდილება, რომელმაც აჩვენა თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს გეოგრაფიული აღნიშვნების წარმატებული სქემა ხარისხიან პროდუქტებს გამორჩეული ადგილის დაკავებაში გაჯერებულ ბაზარზე. ასევე, მინაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა ინსტიტუციებთან წარმატებული პარტნიორობის როლის შესახებ, ეროვნულ დონეზე ჩარჩო-პირობების გაუმჯობესების საქმეში.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასა“ და REDD-ის (შვეიცარია) ხელშეწყობით, რის შედეგადაც განვითარდა გეოგრაფიული აღნიშვნებთან დაკავშირებული ინსტიტუციონალური პოტენციალი, მომზადდა პირველადი პროექტიგეოგრაფიული აღნიშვნების კანონის განახლებისათვის და ჩატარდა საქართველოს ადგილწარმოშობასთან დაკავშირებული ადგილობრივი სასურსათო პროდუქტების კვლევა. აგრეთვე, გეოგრაფიული აღნიშვნის ორი საპილოტე პროდუქტისა და მათი ღირებულებათა ჯაჭვის ხელშეწყობის მიზნით მერძევეობის სექტორში, პროექტის გუნდმა მჭიდროდ ითანამშრომლა სულგუნისა და თუშური გუდის მწარმოებლებთან. შედეგად, განახლდა ამ გეოგრაფიულ აღნიშვნათა სპეციფიკაციები - წარმოების არსებული პრაქტიკის დეტალებისა და სურსათის უვნებლობის საკითხების გათვალისწინებით. სპეციფიკაციებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, პირველად, ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის ყველს შეეცვალა სტატუსი და ,,თუშური გუდა“ გახდა პირველი ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ყველი.
მწარმოებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მნიშვნელოვნად აიმაღლეს კვალიფიკაცია სურსათის უვნებლობის, ყველის დეგუსტაციის, სერტიფიცირებისა და მარკეტინგის საკითხებში. გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობასთან დაკავშირებული სხვა ნიშანდებების შექმნა და პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის მდიდარი სასურსათო მემკვიდრეობისა და მისი გამორჩეული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, აგრეთვე მწარმოებელთა შემოსავლების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ ზრდას.
გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემისა განვითარება, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში.

