ტვინინგის პროექტის მმართველი კომიტეტის რიგით მე-4 შეხვედრა
02 მარტი 2020 წ.
(ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის (GE/16 ENI EC 0318) ,,საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ მმართველი კომიტეტის რიგით მეოთხე შეხვედრა)
დღეს, 2 მარტს, (2020 წ.), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის სათაო ოფისში, გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე დაძმობილების პროექტის ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ მმართველი კომიტეტის რიგით მეოთხე შეხვედრა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა განხორციელებული აქტივობები/სამუშაოები და სამომავლო გეგმები. ხაზგასმით აღინიშნა პროექტის დაწყებიდან დღემდე შესრულებული სამუშაოების მნიშვნელობა. პროექტის ფარგლებში მომზადდა არაერთი საკანონმდებლო აქტის პროექტი, გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების სამოქმედო გეგმა, სხვადასხვა გაიდლაინები და ა.შ. პროექტის დაწყებიდან დღემდე გათვალისწინებული ღონისძიებები შესრულდა სრულად.
შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა კვარტალურ ანგარიშებს და ასევე პროექტის მომდევნო 6 თვის, 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 31 ივლისამდე, სამუშაო გეგმას. პროექტის მიმდინარეობისას, პროექტში ჩართული საჯარო უწყებებისა და მწარმოებელთა გაერთიანებების/ასოციაციების შეფასების საფუძველზე, გამოვლენილ იქნა მათი საჭიროებები. სწორედ ზემოაღნიშნული შეფასებიდან გამომდინარე, მომდევნო სამუშაო გეგმა ითვალისწინებს მათზე მორგებული ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების, სერტიფიცირების სიმულაციებისა და სხვადსახვა აქტივობების ჩატარებას. ასევე, ყურადღება გამახვილდა ორ ახალ პოტენციურ ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნაზე, რაჭული ლორი და გურჯაანის ატამი, რომელთა პროდუქტის სპეციფიკაციების შემუშავებასაც ითვალისწინებს მომდევნო სამოქმედო გეგმა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, პროექტის ხელმძღვანელი პირები, პროექტში ჩართული სხვადასხვა უწყებების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის, საგამოძიებო სამსახურის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, საქართველოში საფრანგეთისა და იტალიის საელჩოს წარმომადგენლები.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობას და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზებას. ასევე, ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას. პროექტი, ასევე ითვალისწინებს მწარმოებელთა ასოციაციებისა და გაერთიანებების როლის გაზრდას გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებაში.

