23 აპრილს მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
23 აპრილი 2020 წ.
ადამიანის ინტელექტი უნიკალურია, ამიტომ ყველაფერი რასაც ის ქმნის, მას ეკუთვნის და დაცვასაც საჭიროებს. საავტორო უფლებების დაცვის გარეშე, ცივილიზაციის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდებოდა, ადამიანები კი დაკარგავდნენ სულიერი და კულტურული გამდიდრების შესაძლებლობას.
საავტორო უფლებები განსაკუთრებულია. ის ვრცელდება მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ნებისმიერ ნაწარმოებზე, რომელიც შექმნილია ინტელექტუალური შრომის შედეგად. ნაწარმოების შემქმნელს გააჩნია ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები. ავტორობის, სახელისა და ნაწარმოების ხელშეუხებლობა მისი არაქონებრივი უფლებაა, რომლის დარღვევაც დაუშვებელია.
ავტორს შეუძლია ნება დართოს ან აკრძალოს მისი ნაწარმოების გავრცელება, რეპროდუცირება, ორიგინალის ან ასლის გაყიდვა ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემა და ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენება, რაც მის ქონებრივ უფლებებს წარმოადგენს. საავტორო უფლებები ავტორს ანიჭებს შესაძლებლობას მიიღოს ჰონორარი მისი ნაწარმოების გამოყენებისთვის, ხოლო უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
წიგნებს საზღვრები არ გააჩნია. ის აერთიანებს მთელი მსოფლიოს ადამიანების გამოცდილებასა და ცოდნას, რომელსაც წაკითხვის შემდეგ განიცდიან ადამიანები. მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება ჟამიანობის დროს, როცა ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ თაროებზე შემოლაგებული წიგნები კვლავ მკითხველის ხელში აღმოჩნდება და იწყება წარმოსახვითი მოგზაურობა უნიკალურ სამყაროში.
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ონლაინ წელს პირველად აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია რომელიც მთელი დღის განმავლობაში ქართველ მწერლებთან და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებთან ონლაინ ჩართვებს შემოგთავაზებთ. ბოლოს კი „წიგნების თაროს“ ონლაინ თამაში ჩატარდება.
ღონისძიებაზე ონლაინ დასწრება ყველასთვის თავისუფალია, ამისათვის კი საჭიროა ეწვიოთ ღონისძიებას ფეისბუქზე.

