დღეს, 8 მაისს (2020 წ.), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით მე-60 გენერალურ ასამბლეაზე, ახალი გენერალური დირექტორის კანდიდატურა დამტკიცდა. 2020 წლის 1 ოქტომბრიდან, მომდევნო 6 წლის განმავლობაში, WIPO-ს უხელმძღვანელებს დარენ ტანგი, ამ დრომდე სინგაპურის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (IPOS) აღმასრულებელი დირექტორი.
“გულითად მადლიერებას გამოვხატავ ყველა წევრი სახელმწისოსადმი მათი მხარდაჭერისა და ნდობისათვის, რომელიც მათ გამოიჩინეს ჩემს მიმართ და დამაკისრეს ეს დიდი პასუხისმგებლობა ამ უპრეცედენტო პერიოდში. COVID-19 პანდემიამ დიდი უბედურება გამოიწვია და მსოფლიო შეაჩერა, მაგრამ ასევე შეგვახსენა ჩვენი კაცობრიობის ერთიანობის შესახებ. ისე, როგორც არასდროს, WIPO-ს საზოგადოებას სჭირდება ძალისხმევის გაერთიანება გამომგონებლების, ნოვატორებისა და შემოქმედი ადამიანების მხარდასაჭერად, ყველა იმ ადამიანისა, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ სერიოზული პანდემიის დაძლევის საქმეში ვირუსის განკურნების გზების ძიების, ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენი ურთიერთკავშირის შენარჩუნებისა თუ ამ რთულ პერიოდში ჩვენი გუნება-განწყობილების ამაღლების თვალსაზრისით“ - განაცხადა დარენ ტანგმა.
დარენ ტანგის კანდიდატურა WIPO-ს გენერალური დირექტორის პოზიციაზე სინგაპურის მთავრობამ წარადგინა და პროცედურის შესაბამისად მისი აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნის რეკომენდაცია WIPO-ს საკოორდინაციო კომიტეტმა გასცა. საკოორდინაციო სხდომაზე, რომელსაც დაესწრო WIPO-ს წევრი 83 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის საქართველო, დარენ ტანგს უმრავლესი 55 ხმა ერგო. სინგაპურის მთავრობის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, მხარი დაუჭურა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმაც, რომელიც WIPO-ში საქართველოს 1991 წლიდან წარმოადგენს.
დარენ ტანგი სინგაპურის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (IPOS) ხელმძღვანელი პირია 2015 წლიდან. აღსანიშნავია, რომ საქპატენტი აღნიშნულ უწყებასთან 2018 წლიდან თანამშრომლობს, უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას, ერთობლივი ღონისძებების ორგანიზებას და საგანმანათლებლო პროექტების დანერგვას.
2020 წლის 30 სექტემბერს WIPO-ს ხელმძღვანელობის მე-2 ვადას დაასრულებს გენერალური დირექტორი ფრენსის გარი, რომელიც ამ პოსტს 12 წლის განმავლობაში იკავებდა. ფრენსის გარი WIPO-ს გენერალური დირექტორის რანგში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 2015 წელს ეწვია, რამაც საფუძველი ჩაუყარა WIPO-სთან საქპატენტის თანამშრომლობის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას. აღნიშნული ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოში განხორცილედა არა ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც დაკავშირებულია ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სტრატეგიის შექმნასთან, საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის გაუმჯობესებასთან, სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებასა და სხვა გლობალური პროექტებთან.
WIPO არის გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყება ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის, მომსახურების, ინფორმაციის და თანამშრომლობის გლობალური ფორუმია. 188 წევრ ქვეყანას WIPO ეხმარება დაბალანსებული საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი სისტემის შემუშავებაში, საზოგადოების არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ბიზნეს მომსახურებას უწევს სხვადასხვა ქვეყნებს და ეხმარება დავების გადაჭრაში. ასევე, სთავაზობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა სარგებელი მიიღონ ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით და სთავაზობს ინტელექტუალური საკუთრების უნიკალურ ცოდნის ბანკებზე თავისუფალ წვდომას.