მინდია დავითაძე: „საქართველოს EPO-ში გაწევრიანება საქპატენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“
22 ივნისი 2020 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე, მინდია დავითაძე, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტს, ანტონიო კამპინოსს, დისტანციურ რეჟიმში შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივა განიხილეს.
„საქართველოს EPO-ში გაწევრიანება საქპატენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან აღნიშნული დაადასტურებს, რომ საქართველოში საპატენტო უფლებები დაცულია ევროპის ქვეყნებში არსებული დაცვის ხარისხის შესაბამისად“,- განაცხადა შეხვედრაზე მინდია დავითაძემ. საქპატენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ანტონიო კამპინოსს საქპატენტის დასახული მიზნის მხარდაჭერისთვის და EPO-ს ჩართულობით განხორციელებული პროექტებით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისთვის.
საქართველოს EPO-ში გაწევრიანების პერსპექტივა მკაფიო გახდა მას შემდეგ, რაც 2019 წელს ხელი მოეწერა ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შეთანხმებას, რომლის თანახმად, შესაძლებელი გახდება ევროპული პატენტის საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდირება ერთიანი ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე. ვალიდაციის შეთანხმების იმპლემენტაცია დასკვნით ეტაპზეა და საპატენტო უწყებების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე შეაფასეს გაწეული სამუშაო, რომელიც დასრულდება საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემდგომ, რაც ეკვივალენტურია შეთანხმების რატიფიცირებისა, თუმცა შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრობა უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება საქართველოსთვის, ვიდრე მხოლოდ ვალიდაციის ქვეყნის სტატუსი. გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოზე გავრცელდება ევროპის საპატენტო კონვენცია და, შესაბამისად, ეროვნული საპატენტო კანონმდებლობა თანხვედრაში იქნება ევროპულ მიდგომებთან.
ანტონიო კამპინოსმა საქპატენტის თავმჯდომარეს დაუდასტურა, რომ EPO მზად არის წვლილი შეიტანოს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარებაში და ხელი შეუწყოს მის სწრაფვას გახდეს ევროპული საპატენტო სისტემის ნაწილი.
EPO წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორცილებელ ორგანიზაციას, რომელიც ატარებს გამოგონებებზე საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს. მისი საქმიანობა ევროპის მასშტაბით მიმართულია ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისაკენ.


