საქპატენტის სასწავლო ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ცენტრი ახალ პროგრამებს ამატებს
01 ივლისი 2020 წ.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის სასწავლო ცენტრი ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებულ პირებს სასწავლო პროგრამების ახალ კატალოგს შესთავაზებს.
გეგმის მიხედვით ხორციელდება სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლების, ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტებზე უფლების მფლობელებისა და მოსარგებლეების საჭიროებებზე მორგებული კურსების შემუშავება. სასწავლო ცენტრი ნერგავს საუკეთესო პრაქტიკას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიასა და ინტელექტუალური საკუთრების რეგიონალური ორგანიზაციების სასწავლო ცენტრებთან თანამშრომლობით.
აღნიშნული გეგმის პრეზენტაცია შედგა საქპატენტის სასწავლო ცენტრის ახალი ხელმძღვანელის ანა დალაქიშვილისა და WIPO-ს აკადემიის წარმომადგენლების დისტანციურ შეხვედრაზე, სადაც აკადემიის მესვეურებმა გამოთქვეს მზაობა მხარი დაუჭირონ სასწავლო ცენტრის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას. სწავლების მაღალი ხარისხის მიღწევის მიზნით, WIPO-ს აკადემია მონაწილეობას მიიღებს საქპატენტის სასწავლო ცენტრის პროგრამების შედგენაში და ქართველი ტრენერების გადამზადებასა და სერტიფიცირებაში. საქპატენტის სასწავლო ცენტრი WIPO-ს დახმარებით გაიხსნა და სასწავლო პროგრამებს WIPO-ს მიერ ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეოდოლოგიაში სერტიფიცირებული ტრენერები უძღვებიან.
სასწავლო ცენტრის სამოქმედო გეგმა ეფუძნება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს - ინტელექტუალური საკუთრების დარგში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.


