საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების სისტემის განვითარებაში EUIPO-ს სასწავლო აკადემია ერთვება
03 ივლისი 2020 წ.
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) და მასთან არსებული აკადემია საქპატენტის სასწავლო ცენტრს დაეხმარება ონლაინ პლატფორმის შექმნაში, სასწავლო მასალების შემუშავებასა და სტაჟირების პროგრამის დანერგვაში - საკითხები განისაზღვრა EUIPO-ს აკადემიის და საქპატენტის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლების დისტანციურ შეხვედრაზე.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ჩიქოვანმა და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ანა დალაქიშვილმა, EUIPO-ს აკადემიას გააცნო ცენტრის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა შორისაა სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, სასწავლო-სამეცნიერო მასალების და მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე, მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიცირება და მათთვის უწყვეტი სწავლების ეფექტიანი სისტემის შექმნა.
შეხვედრაზე EUIPO-ს სასწავლო აკადემიის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა წვლილი შეიტანონ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების სისტემის განვითარებაში. საქპატენტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, EUIPO-ს აკადემია მზად არის საქპატენტს გაუზიაროს თავისი ფუნქციონირების, სამიზნე ჯგუფებთან მუშაობის, სასწავლო მიმართულებების განსაზღვრის პრაქტიკა და ჩაერთოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა სასწავლო პროექტების დაგეგმვა-ორგანიზებასა და განხორციელებაში.
საქპატენტის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერა ერთ-ერთი კომპონენტია პროექტისა - „ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ”, რომელსაც ახორციელებენ EUIPO და საქპატენტი. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას, სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის სისტემების დახვეწასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებას. EUIPO, უწყებაა, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის სასაქონლო ნიშნისა და დიზაინის მართვაზე და ახორციელებს ევროკავშირის სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების რეგისტრაციას ერთი განაცხადის საშუალებით, უზიარებს გამოცდილებას და ეხმარება პრაქტიკის ჰარმონიზებაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს და საერთაშორისო პარტნიორებს. მასთან არსებული სასწავლო აკადემიის ფუნქციონირება კი მიმართულია დარგის პროფესიონალებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ინტელექტუალური საკუთრების დარგში ინფორმაციის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობაზე.


