ღვინის “მაღრაანის ქისის”, როგორც ახალი ქართული ადგილწარმოშობის დასახელებად რეგისტრაციის შესაძლებლობაზე იმსჯელეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ აღნიშნული ღვინის მწარმოებლები, მევენახეები.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის არსი და მნიშვნელობა, ასევე გააცნეს სახელმწიფო რეესტრში შემავალი ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების წარმოების, ექსპორტის სტატისტიკური მონაცემები. შეხვედრაზე შედგა პოტენციური ადგილწარმოშობის დასახელების - “მაღრაანის ქისის” სპეციფიკაციების პრეზენტაცია.
ა(ა)იპ “მაღრაანის ღვინოს”, მწარმოებელთა ასოციაციის მიერ მომზადებული სპეციფიკაციების თანახმად, “მაღრაანის ქისის” ორგანოლეპტიკური მახასიათებლები შემდეგია: ღია ჩალისფრიდან ღია ოქროსფრამდე, არომატი უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ხალისიანი, ჰარმონიული, დახვეწილი, ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით, მინდვრის ყვავილების, ხილის და ციტრუსის ტონებით, დავარგებისას ღვინოს უვითარდება გამშრალი ბალახების და ჩირების არომატები.” აღნიშნული ღვინის მიკროზონა მოიცავს სოფლებს: მაღრაანი, ფიჩხოვანი, არგოხი, ბაბანეური და მისი ფართობი შეადგენს 1250 ჰექტარს.
მევენახეობა - მეღვინეობა მიკროზონის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებში უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად სამეურნეო საქმიანობას ჯერ კიდევ ენეოლითის პერიოდში მევენახეობა-მეღვინეობა წარმოადგენდა, რასაც ადასტურებს სოფელ მაღრაანში, მდინარე მაჭარეულის ხეობაში, დღემდე შემონახული ძველი მარნები, საწნახელები, ქვევრები და მაღრაანის ციხის მიმდებარე კალთებზე არსებული საუკუნოვანი ვაზები, ე. წ. ,,ნავენახარები“.