„ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად განაპირობებს დარგის პროფესიონალების რაოდენობის ზრდა “- მინდია დავითაძე
08 სექტემბერი 2020 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიისა (WIPO) და საქპატენტის თანამშრომლობით ქართულ ენაზე შემუშავდა „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE)“, რომელსაც დღეს უკვე 500-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. საგაზაფხულო სესიის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს საქპატენტის თავმჯდომარემ უმასპინძლა და საზეიმოდ გადასცა WIPO-ს აკადემიის სერტიფიკატები. მინდია დავითაძემ სტუდენტებს გააცნო უწყების გადაწყვეტილება მათთვის WIPO-ს აკადემიის მაღალი საფეხურის სწავლების კურსის (DL 302) დაფინანსების შესახებ.
„ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად განაპირობებს დარგის პროფესიონალების რაოდენობის ზრდა. WIPO-ს აკადემიის დისტანციური კურსი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობაა, ქართულ ენაზე ითარგმნა, შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან და სრულიად უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახდა სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, რომელიც დღეს თქვენ გადმოგეცემათ, შესაძლებელია WIPO-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის განვითარებული საფეხურის კურსების გავლა. საქპატენტისა და WIPO-ს ერთობლივი გადაწყვეტილებით, წარჩინებული კურსდამთავრებულები, მაღალი საფეხურის სწავლების კურსის (DL 302) ასევე უსასყიდლოდ გავლას შეძლებთ, რაც სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის მიმართულებით რეგისტრაციის ფორმებისა თუ საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ცოდნის პროფესიონალური დაუფლების შესაძლებლობას მოგცემთ და ახალ საფეხურზე აგიყვანთ. ქვეყანას სჭირდება დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, ამიტომ მოგიწოდებთ გააგრძელოთ სწავლა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ჩვენის მხრივ კი, გავაგრძელებთ ცალკეული დარგების სწავლების კურსების ქართულ ენაზე ადაპტირებას“ - განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ.
WIPO-ს მიერ აკრედიტირებული DL101GE მეხუთედ ჩატარდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერების ხელმძღვანელობით. ეს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ დისტანციური სწავლების პირველი კურსია, რომელიც WIPO-ს აკადემიასთან თანამშრომლობით საქპატენტის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა. კურსი აგებულია WIPO-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო კურსის (DL-001) შესაბამისად, შედგება 12 მოდულისგან და მისი ხანგრძლივობა 6 კვირაა.
WIPO-ს აკადემია ინტელექტუალური საკუთრების დარგში განათლებისა და ადამიანური რესურსების მომზადების ცენტრია მსოფლიოში. აკადემიის დისტანციური სწავლების პროგრამები ხელმისაწვდომია ინტელექტუალური საკუთრების საკითხებით დაინტერესებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის.
