WIPO-ს 61-ე ასამბლეის ფარგლებში მინდია დავითაძისა და რენა ლის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა
12 ოქტომბერი 2020 წ.
სინგაპურის ინტელექტუალური საკუთრების უწყებას (IPOS) ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კოლეგასთან პირველი შეხვედრა საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ დისტანციურ რეჟიმში გამართა.
ორმხრივი შეხვედრის დროს, 2020 წლის 9 ოქტომბერს, მინდია დავითაძემ გაახმოვანა სურვილი მეტად გააქტიურდეს თანამშრომლობა ორ უწყებას შორის, ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობისა და როლის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
„მსოფლიოს 10 ყველაზე ინოვაციურ ქვეყანასთან ერთად სინგაპურს საპატიო ადგილი უჭირავს გლობალური ინოვაციური ინდექსის მაჩვენებელში. სინგაპური გამოირჩევა ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო საქმიანობით. ქვეყანა ხელმძღვანელობს, როგორც თითოეული ინდივიდის, ასევე თითოეულ მოქალაქეზე მორგებული სილაბუსის მიხედვით, სადაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და ამ სფეროში კეთილსინდისიერი პრაქტიკის დანერგვა, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ინტელექტუალური საკუთრების დარგში სინგაპურის ცოდნისა და გამოცდილების, სინგაპურის ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიის გაზიარება და პრაქტიკის დანერგვა მნიშვნელოვანია ჩვენი მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად“ - განაცხადა საქპატენტის თავმჯდომარემ.
რენა ლიმ IPOS-ის სახელით გამოხატა ურთიერთთანამშრომლობისა და მემორანდუმის ფარგლებში ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მზაობა, რომელიც ხელს შეუწყობს გლობალური ინტელექტუალური საკუთრების ეკოსისტემის განვითარებას.
შეხვედრაზე IPOS-ის ხელმძღვანელმა გამოთქვა სურვილი საქპატენტის თავმჯდომარეს უმასპინძლოს სინგაპურში, 2021 წლის აგვისტოში, უწყების მიერ დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე და კოლეგას ადგილზე გაუზიაროს ბიზნესის ხელშეწყობის IPOS-ის მიერ შემუშავებული ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების ეფექტური მექანიზმები. ასევე, შეხვედრაზე რენა ლიმ აღნიშნა, რომ IPOS-ის ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო აკადემიის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების, როგორც პროფესიის განვითარება და ხელშეწყობა. IPOS-ი მზად არის გაუზიაროს საქპატენტს აკადემიის პროგრამები. შეხვედრაზე განხილული საკითხების ირგვლივ შემდგომი მოლაპარაკებების სამოქმედო გეგმის შემუშავების დავალება უწყების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზევე გასცეს.
IPOS არის უწყება, რომლის მისიის განაცხადი და ხედვაა - ინტელექტუალური საკუთრების დარგში დაგროვილი ცოდნისა და კავშირების გამოყენებით სინგაპურის განვითარების სტიმულირება, ქვეყნის, სადაც ინოვაციური საწარმოები საკუთარ ინტელექტუალურ საკუთრებას და არამატერიალურ აქტივს იყენებენ ზრდისთვის.


