WIPO-ს 61-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში კრისტიან არშამბოს და მინდია დავითაძის შეხვედრა გაიმართა
19 ოქტომბერი 2020 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი ქვეყნების ყოველწლიური ასამბლეა წელს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, სადაც საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) პირველი პირების შეხვედრა შედგა. EUIPO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან არშამბომ და საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული მიმდინარე პროექტები დისტანციურ რეჟიმში მიმოიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
შეხვედრაზე განიხილეს „ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP)“, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 1,2 მლნ. ევროს შეადგენს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის მოქმედი ინსტიტუციების გაძლიერებას, კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოებას და ჰარმონიზაციას.
EUGIPP-ის ფარგლებში მოხდება EUIPO-ს სასწავლო კურსის „ინტელექტუალური საკუთრება როგორც ღირებული ბიზნეს აქტივი“ ქართულ ენაზე ადაპტირება. სწავლებას ორი უწყება ერთობლივად განახორციელებს და მსმენელებს სერტიფიკატიც ერთობლივი გადაეცემათ.
კურსის მიზანია ბიზნესი გაეცნოს ინტელექტუალური საკუთრების არსს, კომპანიის არამატერიალური რესურსის დაცვის მექანიზმებსა და უფლებების კომერციალიზაციის მეთოდებს, რაც მათ დაეხმარება ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.
EUIPO არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის სასაქონლო ნიშნისა და დიზაინის მართვაზე და ახორციელებს ევროკავშირის სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების რეგისტრაციას ერთი განაცხადის საშუალებით. ორგანიზაცია, ასევე, უზიარებს გამოცდილებას და ეხმარება პრაქტიკის ჰარმონიზებაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

