თსუ-ს ბიბლიოთეკა საავტორო უფლებების დაცვაზე იზრუნებს
02 ნოემბერი 2020 წ.
საქპატენტის სასწავლო ცენტრმა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების სერია დაიწყო. პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან. 29 ოქტომბერს, დისტანციურ რეჟიმში, მათ ჩაუტარდათ ტრენინგი საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.
საავტორო უფლებების დაცვა და ამ საკითხზე ინფორმაციის მიღება არა მხოლოდ ავტორთა, არამედ იმ პირთა ინტერესებშია, რომლებიც თავიანთი საქმიანობის შესრულებისას სარგებლობენ სხვისი საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებებით. ბიბლიოთეკას, მის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებენ შუამავალი რგოლის ფუნქციას ავტორსა და მკითხველს შორის და რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი მამართულებაა ნაწარმოებების გაციფრულება და მათზე ასლის შექმნა, ასევე, მონაცემთა ბაზების შემუშავება და ნაწარმოებების რეპროგრაფიული გამრავლება, აუცილებელია ჰქონდეთ ინფორმაცია კანონში არსებული ნორმების შესახებ.
ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მათ აქვთ საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოების გამოყენებისას. აღნიშნული ხელს შეუწყობს, როგორც მათ საქმიანობას, ისე საავტორო უფლებების ეფექტურ დაცვას ნაწარმოების გამოყენების დროს.
ტექნოლოგიურმა პროგრესმა, ინტერნეტ სივრცის განვითარებამ, გამოიწვია საავტორო უფლებების მასიური დარღვევა. საქპატენტმა განსაზღვრა საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის განხორცილებისას იყენებენ სხვისი საავტორო უფლებებით დაცულ ნაწარმოებებს და მათთვის საჭიროებაზე მორგებული ტრენინგების ჩატარება დაგეგმა.
საავტორო უფლება არის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, რომელიც ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების ნაწარმოების შექმნის შედეგად წარმოიშობა. საავტორო უფლებების დაცვა და გამოყენება ავტორს აძლევს საშუალებას აკონტროლოს და განსაზღვროს სხვა პირის მიერ თავისი ნაწარმოების გამოყენების გზები და ფარგლები.


