კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ 2020 წლის გამარჯვებულია გამოგონების პროექტი „რიგის კონტროლის სისტემა“
13 ნოემბერი 2020 წ.
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“, რომლის მიზანია ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, წელს დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. კომისიამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქპატენტის გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის მექანიკის სამმრთველოს უფროსი ვასილ გიორგაძე, პირველი ადგილი მიანიჭა გამოგონების პროექტს „რიგის კონტროლის სისტემა“.
მოსწავლეები – გიგი გუგუნავა, ნია ნორაკიძე და დიმიტრი გულუა პირველი ადგილისა და 5000 ლარის მფლობელები გახდნენ. გამარჯვებული პროექტის ავტორები წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის, სერვანტესის სახელობის გიმნაზიის „აია-GESS“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. მეორე და მესამე ადგილის და, შესაბამისად, 3000 და 2000 ლარის მფლობელები გახდნენ ქვეყნის საჯარო და კერძო სკოლების VII–XII კლასების მოსწავლეებისგან შემდგარი ჯგუფები.
მეორე ადგილი დაიკავა პროექტმა „წყალბადის ავტომატიზირებული გენერატორი პერსპექტიული სათბობური ელემენტისათვის“, რომლის ავტორები არიან როსტომ ნიორაძე, ნიკოლოზ თავდიშვილი და ზურა კოპაძე. მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს მოსწავლეებმა – გელა კუხიანიძემ, ნინიკო შარიამ და გეგა შავდათუაშვილმა პროექტისთვის „დისტანციური დიაგნოსტიკა“.
ყოველწლიური კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ წელს მეათედ გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო, სამივე ეტაპი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა და კონკურსანტებმა პრეზენტაციები დისტანციური კომუნიკაციის პლატფორმების გამოყენებით განახორციელეს.
საქპატენტი მუდმივი მხარდამჭერია კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უწევს პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში. ქვეყანაში ინოვაციური და საგამომგონებლო საქმიანობის ხელშეწყობა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ პრიორიტეტული მიმართულებაა.


