INTA-ს ყოველწლიური შეხვედრა და ლიდერების შეხვედრა 2020 დისტანციურად იმართება
16 ნოემბერი 2020 წ.
მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში – სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) ყოველწლიური შეხვედრა დღეს, 16 ნოემბერს გაიხსნა და დისტანციურ რეჟიმში იმართება. საქართველოს დელეგაცია, რომელსაც საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე ხელმძღვანელობს, 16-დან 20 ნოემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში, მათ შორის, საგანმანათლებლო, გაცნობითი ხასიათის და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში.
INTA-ს ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას საერთაშორისო საზოგადოებისთვის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის გასაცნობად და პოტენციური განმცხადებლების მოსაზიდად. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა კონტაქტების დასამყარებლად და საქართველოს ბაზრით ახალი კომპანიების დასაინტერესებლად. ღონისძიებაში ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის მფლობელი 9500-ზე მეტი კომპანია, მოწინავე იურიდიული კომპანიები და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული ისეთი უწყებები, როგორებიცაა: ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), აშშ-ს პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყება (USPTO), ევროპის საპატენტო უწყება (EPO), ჩინეთის საპატენტო უწყება და სხვა წამყვანი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებები.
ყოველწლიურ შეხვედრას, ტრადიციულად, წინ უძღვოდა INTA-ს კომიტეტებისა და ქვეკომიტეტების სამუშაო შეხვედრები. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ წარმომადგენელი დაესწრო სასაქონლო ნიშნების უწყებების პრაქტიკის კომიტეტის ევროპის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყებების ქვეკომიტეტისა და ანტიკონტრაფაქციული კომიტეტის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეკომიტეტის შეხვედრებს. აღნიშნული შეხვედრების მიზანი იყო ევროპის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავლენა ინტელექტუალური საკუთრების ოფისების მუშაობას განაცხადების სტატისტიკური მონაცემებზე, ასევე, სასერტიფიკაციო და კოლექტიური ნიშნების ექსპერტიზასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები. შეხვედრაზე, უწყებებს შორის, გაიცვლა ინფორმაცია ანტიკონტრაფაქციულ და სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული უფლებების აღსრულების საკითხებზე ქვეყნებში არსებული მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
INTA ახორციელებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართულ საქმიანობას და სხვადასხვა მიმართულებით სასაქონლო ნიშნების სისტემის პროპაგანდას, ასევე, სასაქონლო ნიშნების მფლობელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს, უზრუნველყოფს იურიდიულ დახმარებასა და ზრუნავს შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფაზე. INTA-ში გაწევრიანებულია 185 ქვეყნის 6500-ზე მეტი ორგანიზაცია და 34350-ზე მეტი დარგის ექსპერტი და პროფესიონალი, მათ შორის: მსხვილი კორპორაციები, მცირე და საშუალო საწარმოები, იურიდიული კომპანიები და არაკომერციული ორგანიზაციები, სასაქონლო ნიშნების მფლობელები, ასევე, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, პროფესორები და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები.


