კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში – EUGIPP-ის ფარგლებში მასწავლებლების გადამზადება დაიწყო
01 დეკემბერი 2020 წ.
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების ცნებების სწავლებისთვის სათანადო უნარ-ჩვევების მისაღებად, თბილისის, რუსთავისა და გორის 6 საჯარო სკოლის 12 მასწავლებლისთვის პირველი ტრენინგი დისტანციურად ჩატარდა.
„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“ EUGIPP-ის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს სასკოლო გაკვეთილებში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კონცეფციისა და მთავარი მიმართულებების დანერგვას მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი მასალებისა და აქტივობების გამოყენებით, ასევე, მასწავლებლებისთვის ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის გაცნობას და ინტელექტუალურ საკუთრებაზე გაკვეთილის გეგმის შედგენას.
პროექტის გეგმის თანახმად, თავდაპირველად განხორციელდება საპილოტე ვერსია – შერჩეულ სკოლებში ჩატარდება კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების გაკვეთილები. საპილოტე ვერსია მიზნად ისახავს კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხების ინტეგრირებას სამოქალაქო განათლების სისტემაში. სწავლების ეფექტიანობის მიზნით, შერჩეული სკოლები უზრუნველყოფილი იქნება იმ სასწავლო მასალებით, რომლებიც ეფუძნება ევროპის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) ინტელექტუალური საკუთრების შესახებ მასწავლებელთა სატრენინგო პაკეტს „ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლები“. სასწავლო მასალის გამოყენება მოხდება მშობლიური ენისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე.
პროექტის შედეგად, საჯარო სკოლის მასწავლებლები ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგავენ ინტელექტუალური საკუთრების კონცეფციებს და მოსწავლეებს დაწყებითი სასკოლო ასაკიდანვე შეასწავლიან, თუ როგორ უნდა სცენ პატივი სხვის ინტელექტუალურ შემოქმედებას და როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები.
პროექტი EUGIPP 2020 წლის იანვრიდან მიმდინარეობს და მას ახორციელებს EUIPO და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.

