საქპატენტი WIPO-ში CEBS-ს ჯგუფს 2021 წელს გაუწევს კოორდინატორობას – მინდია დავითაძემ და დარენ ტანგმა მომავალი წლის თანამშრომლობის გეგმა განიხილეს
08 დეკემბერი 2020 წ.
2021 წელს WIPO-ში საქართველოს წარმომადგენლობის გაზრდა და ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული ჯგუფის (CEBS) კოორდინატორობის საკითხი იყო მთავარი თემა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური მდივნის – დარენ ტანგისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარის მინდია დავითაძის შეხვედრაზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში შედგა დღეს, 8 დეკემბერს.
ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრაზე შეაჯამეს 2020 წელს WIPO-ს მხარდაჭერით განხორციელებული აქტივობების შედეგები და განიხილეს 2021 წლის სამოქმედო გეგმა. WIPO-ს მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტებმა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ქართველი ექსპერტების შესაძლებლობების გაზრდას და ცოდნის გაღრმავებას შეუწყო ხელი და სამომავლო პროექტებიც აღნიშნული მიზნის მიღწევას მოემსახურება.
შეხვედრაზე განხილულ საკითხთა შორის იყო WIPO-ს გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების დეპარტამენტისა (TDC) და საქპატენტს შორის აქტიური თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა WIPO-ს როლზე გლობალური ინტელექტუალური საკუთრების ეკოსისტემის შექმნაში, რომელიც უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული ქვეყნის საჭიროებების გათვალისწინებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის. ასევე, საუბარი შეეხო უწყებების მიერ ერთობლივად განხორციელებულ დისტანციური სწავლების პროგრამას ქართულ ენაზე –„ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101 GE)“. აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა მუშაობის დაწყებას WIPO-ს აკადემიის კიდევ ერთი პროგრამის ქართულ ენაზე ადაპტირებისათვის. ეს იქნება მაღალი საფეხურის პროგრამა „სასაქონლო ნიშნები, დიზაინი და გეოგრაფიული აღნიშვნები“.
WIPO 1967 წელს შეიქმნა, როგორც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სერვისების, პოლიტიკის, ინფორმაციისა და ეროვნულ უწყებებს შორის თანამშრომლობის გლობალური ფორუმი. 1974 წლიდან ის გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თვითდაფინანსებაზე მყოფი სპეციალიზირებული უწყება, რომელშიც ამჟამად მსოფლიოს 193 ქვეყანაა გაწევრიანებული. საქართველო WIPO-ს წევრია 1991 წლიდან და ქვეყანას ორგანიზაციაში წარმოადგენს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.

