გეოგრაფიული აღნიშვნების ლოგოს შემუშავება Twinning-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდება - პროექტის მმართველი კომიტეტის მე-6 შეხვედრა გაიმართა
10 დეკემბერი 2020 წ.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ მმართველი კომიტეტი მეექვსედ შეიკრიბა, რომელზეც მომდევნო 6 თვის სამოქმედო გეგმა და გასული პერიოდის (6 თვე) შესრულების ანგარიშები იქნა განხილული. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას, უნიკალური მარკეტინგული ინსტრუმენტის, გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებასა და მასთან დაკავშირებული სარგებლის სრულფასოვნად გამოყენებაში. მმართველი კომიტეტის შეხვედრას ესწრებოდა პროექტში ჩართული ყველა მხარე: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პარტნიორი უწყების ხელმძღვანელობა და თანამშრომლები, საქართველოში საფრანგეთისა და იტალიის საელჩოს წარმომადგენლები.
მსოფლიოში არსებული პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე გამოკვეთილი დამატებითი საჭიროებების გაჩენის მიზეზით პარტნიორებთან ერთად გადაწყდა პროექტის დამატებით 7 თვით გაგრძელება. შესაბამის დოკუმენტს მიმდინარე წლის 1 დეკემბერს მოეწერა ხელი და ის უზრუნველყოფს პროექტის მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელებას, პროექტის ფარგლებში იგეგმება ტრეინინგი საქპატენტის თანამშრომლებისთვის გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის პროცედურებზე, სერტიფიცირებისა და კონტროლის განხორციელების მექანიზმებზე. ასევე, დაგეგმილია საქპატენტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით ერთობლივი ტრეინინგის ჩატარება, რომლის მიზანია ფრანგულ-იტალიური გეოგრაფიული აღნიშვნების კომიტეტებისა და კომისიების საქმიანობის გაცნობა და მათი სამუშაო გამოცდილების გაზიარება.
სამოქმედო გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს გეოგრაფიული აღნიშვნების პროდუქტების ონლაინ სივრცეში გაყალბების ფაქტების აღმოფხვრისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესწავლა, კონკრეტული გეგმის შემუშავება და ამ მიმართულებით იტალიის, როგორც წარმატებული მაგალითის გამოცდილების გაზიარება.
გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის პოპულარიზაციისა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის ფარგლებში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით შემუშავდა აქტივობების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ვიდეო რგოლების, ტუტორიალებისა და ანიმაციური ვიდეოების შექმნას. ასევე, პროექტის ფარგლებში მოხდება გეოგრაფიული აღნიშვნების ლოგოს შემუშავება, რათა მომხარებელს განსაკუთრებული ხარისხის მქონე პროდუქტის იდენტიფიცირების საშუალება მიეცეს.
დაძმობილების პროექტი (GE/16 ENI EC 0318) ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობას და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზებას. ასევე, ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას. პროექტი, ასევე ითვალისწინებს მწარმოებელთა ასოციაციებისა და გაერთიანებების როლის გაზრდას გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებაში.

