ციფრულ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის – გეოგრაფიული აღნიშვნის კონტროლისა და მასზე უფლებების აღსრულების მექანიზმების შესახებ ტრენინგი გაიმართა საქპატენტის იურიდიული და სასაქონლო ნიშნების დეპარტამენტების თანამშრომლებისა და აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლებისთვის. სიმულაციური პროცესების განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ფარგლებში.
ციფრულ სივრცეში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებებზე უფლებების დარღვევის შემთხვევების მატებამ დღის წესრიგში დააყენა აღმასრულებელი უწყებების თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავების და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საჭიროება. ტრენინგის მონაწილეებს მოწვეულმა ექსპერტებმა გააცნეს ფალსიფიცირებული პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევებში რეაგირების მექანიზმები და კონკრეტული პროცედურები, მათი ამოღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, უფლებების აღსრულების საერთაშორისო მარეგულირებელი აქტები, უფლებების დარღვევებსა და აღსრულებასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებები.
ტრენინგზე განხორციელდა სიმულაციური პროცესები, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიების Ebay, Amazon.com, Alibaba.com, Rakuten და სხვა, შესაძლო უფლებადამრღვევი პროდუქციის მოძიებასა და იდენტიფიცირებას. უფლებების აღსრულების სიმულაცია. უწყებების წარმომადგენლები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას სამომავლოდ გამოიყენებენ თავიანთ საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ეფექტიანობის ზრდას.
საქპატენტი ახორციელებს ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სხვა სახელმწიფოებში რეგისტრაციისა და დაცვისათვის აუცილებელ ღონისძიებებს. მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სხვადასხვა ქვეყანაში უფლებების დარღვევის შემთხვევებზე რეაგირებასა და შესაბამისი ქმედებების განხორციელებაზე.
გეოგრაფიული აღნიშვნები წარმოადგენენ გეოგრაფიული ადგილის სახელებს, რომლებიც გამოიყენება ისეთი პროდუქტების მოსანიშნად, რომელთა განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები, ან რეპუტაცია განპირობებულია ამ წარმოების ადგილისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით. მათი რეპუტაციისა და უფლებების დაცვა საქპატენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და უწყება აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს.